“ანტიკორუფციულმა სააგენტომ, დადგენილი წესისა და განჩინების საფუძველზე, მიმართა ასოციაციის წევრ კომპანიებს, გამოითხოვა ხელშეკრულებები, საბუღალტრო დოკუმენტები, ინვოისები” – „რითეილ ასოციაცია”
“ანტიკორუფციულმა სააგენტომ, დადგენილი წესისა და განჩინების საფუძველზე, მიმართა ასოციაციის წევრ კომპანიებს, გამოითხოვა ხელშეკრულებები, საბუღალტრო დოკუმენტები, ინვოისები”, – ამის შესახებ „რითეილ ასოციაციის“ განცხადებაშია აღნიშნული.
ამავე განცხადების მიხედვით, ასოციაციის ყველა წევრი კომპანია სრულად და შეუფერხებლად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოსთან.
„განვმარტავთ, რომ დღეს, 22 იანვარს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, კანონმდებლობით დადგენილი წესისა და შესაბამისი გაჩინების საფუძველზე, მიმართა ასოციაციის წევრ კომპანიებს და გამოითხოვა გარკვეული დოკუმენტაცია, მათ შორის ხელშეკრულებები, პირველადი საბუღალტრო დოკუმენტები, ფაქტურები და ინვოისები.
ასოციაციის ყველა წევრი კომპანია სრულად და შეუფერხებლად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოსთან. შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი პროცესუალური ჩარჩოების სრული დაცვით.
გამოთხოვილი დოკუმენტაციის მოცულობიდან გამომდინარე, მისი თავმოყრა, დამუშავება და წარდგენა საჭიროებს დამატებით დროს. შემდგომი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, საზოგადოებას მიეწოდება დამატებითი ოფიციალური განმარტება“, – განმარტებულია გავრცელებულ განცხადებაში.