“არავითარი საფუძველი არ გვაქვს ეჭვი შევიტანოთ იმაში, რომ რეალური ბრძოლა არის გამოცხადებული ადმინისტრაციასა და “დიფ სთეითს” შორის აშშ-ში” – ლევან მაჭავარიანი

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, შტატების ადმინისტრაციასა და “დიფ სთეითს” შორის ბრძოლაა გამოცხადებული.

“არავითარი საფუძველი არ გვაქვს ეჭვი შევიტანოთ იმაში, რომ რეალური ბრძოლა არის გამოცხადებული ადმინისტრაციასა და “დიფ სთეითს” შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში.

უბრალოდ, კითხვის ნიშნები არსებობს იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ დავიწყეთ ამ ყველაფერზე საუბარი, რასაც იმეორებს შეერთებული შტატების ადმინისტრაცია. რა თქმა უნდა, ველოდით რაღაც ტიპის გზავნილებს ჩვენ მისამართით, რომელიც რატომღაც იგვიანებს.

იმაზე არ არის საუბარი ვიღაცას მადლობა გადაეხადა და ა.შ. უბრალოდ, ადმინისტრაციის მხრიდან არის აბსოლუტური დუმილი, მით უმეტეს, იმ პირობებში, რომ გაჟღერებული გვაქვს აბსოლუტური მზაობა, ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან აღდგეს და რეალური პარტნიორობა დაიწყოს.

რა თქმა უნდა, ვრჩებით სტრატეგიული მოლოდინის რეჟიმში, თუმცა კითხვის ნიშნები არსებობს, ვინაიდან უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც ვერანაირი კონკრეტიკა ვერ გავიგეთ საქართველოსთან მიმართებით. ერთი წელი გავიდა უკვე, რაც ადმინისტრაცია არის ხელისუფლებაში”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები