„პუტინთან არა მხოლოდ პრეზიდენტის, პრემიერის შეხვედრაც უნდა შედგეს”

   ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის აზრით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან არა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის, არამედ პრემიერ-მინისტრის შეხვედრაც უნდა შედგეს. მისი თქმით, დიალოგი უნდა დაიწყოს იმისთვის, რომ ურთიერთობები დავარეგულიროთ.
“ვფიქრობ, მან საინტერესო განცხადება გააკეთა. მოგეხსენებათ, ჩვენი მთავრობის ხედვაა, რომ დიალოგი შედგეს. ჩვენ ვართ კონსტრუქციულები, ჩვენ უარი ვთქვით პოპულისტურ პოლიტიკურ დემარშებზე, რომელსაც წლების განმავლობაში ახორციელებდა “ნაციონალური მოძრაობა”. რა მივიღეთ ამისგან 2008-ში, ყველამ კარგად დავინახეთ – მივიღეთ შეშფოთებული ევროპა და დაკარგული ტერიტორიები. პარალელურად იმისა, რომ მივისწრაფვით ევროპისკენ, ამავდროულად მნიშვნელოვანია დავალაგოთ ურთიერთობები ჩვენს მეზობელ სახელმწიფოსთან რუსეთთან. ამიტომ, შეხვედრა უნდა შედგეს არა მარტო პრეზიდენტთან, არამედ ქვეყნის პრემიერ-მინისტრთანაც, თუმცა ამისთვის ჯერ მნიშვნელოვანია გარკვეული სამუშაოების ჩატარება, რადგან მოგეხსენებათ, დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ გვაქვს. დიალოგი უნდა დავიწყოთ ურთიერთობების დასარეგულირებლად. ამისთვის მნიშვნელოვანია მთავრობამ, ქვეყანამ, ხელისუფლებამ შეიცვალოს ის დამოკიდებულება, რაც წლების წინ იყო. საჭიროა კონსტრუქციულობა”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პოლიტიკური ურთიერთობების დალაგება ადვილი არ არის, თუმცა დიალოგის დაწყება და გარკვეული პრობლემების მოგვარება აუცილებელია. „დარწმუნებული ვართ, რომ ამ მიმართულებით წარმატებას მივაღწევთ. რა თქმა უნდა, პოლიტიკური ურთიერთობების დალაგება არ არის ადვილი და გრძელვადიან პერსპექტივად მიმაჩნია, თუმცა დიალოგის დაწყება და გარკვეული პრობლემების მოგვარება აუცილებელია. მაგალითად, პირველი, რაც გავაკეთეთ და წარმატებული ნაბიჯები გადაიდგა ეკონომიკური მიმართულებით, რუსულ ბაზარზე დაბრუნებას ვგულისხმობ”, – აღნიშნავს კახა კალაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები