„პირველი საათი ნანგრევების ქვეშ, ყველაზე რთულია“ – გოგონა, რომელიც 54 საათის შემდეგ ამოიყვანეს
“პირველი საათი მიწისძვრის შემდეგ ყველაზე რთულია”- ამბობს 28 წლის ფარმაცევტი გიზემ ოზკანი, რომელიც მაშველებმა ნანგრევებიდან არიამის პროვინციაში 54 საათის შემდეგ ამოიყვანეს.
ახლა ახალგაზრდა გოგონა ათობით სხვა დაშავებულთან ერთად მკურნალობას გადის ბუჯა სეიფის საავადმყოფოში, ქალაქ იზმირში. ოზკანის თქმით, ძლიერი ბიძგების შედეგად 6-სართულიანი შენობა ჩამოინგრა, რომელშიც ის ოჯახთან ერთად მეოთხე სართულზე ცხოვრობდა.
ნანგრევების ქვეში მისი ოჯახის 7 წევრი დარჩა. ყველა მათგანის გადარჩენა მოხერხდა, მაგრამ ის საშინელი საათები, სასოწარკვეთა და შიში ვერცერთ მათგანს ვეღარ დაავიწყდება. გიზემ ოზკანის თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა ნანგრევების ქვეშ ჟანგბადის უქონლობაა.
„ეს ისეთი სასოწარკვეთილებაა… შენ ვერ სუნთქავ, რაღაც ზევიდან გაწვება, გაჭედილი ხარ ოთხივე მხრიდან, არ არის ადგილი, საიდანაც ჰაერი შეიძლება შემოვიდეს“, – ამბობს დაშავებული.
ოზკანის თქმით, მას ძალიან ურთულდებოდა იდაყვების აწევა, რათა ფეხების მხრიდან ჰაერი შემოსულიყო.
„არ ვიცი, რამდენი ჟანგბადი იყო იქ, მაგრამ სავარაუდოდ ეს სასაცილო ციფრები იქნებოდა“, – აცხადებს ოზკანი.
გოგონა ამბობს, რომ საათების განმავლობაში თავის საყვარელ სიმღერას მღეროდა, რომ ცოტა მაინც დამშვიდებულიყო. ყველაზე მეტად ნანგრევების ქვეშ წყალზე ოცნებობდა.
ოკზანი გამუდმებით აკაკუნებდა იმ იმედით, რომ მას იპოვიდნენ.
„პირველი საათი ყველაზე რთულია, მთელი გულით გინდა, რომ გარდაიცვალო. ერთი საათის შემდეგ ეჩვევი. როგორც კი ხმებს იგებ, ხვდები, რომ გადარჩენის შანსი გაქვს და გონს მოდიხარ. გამუდმებით ვაკაკუნებდი, ალბათ ჩემი არ ესმოდათ. შემდეგ შორიდან მომესმა ადამიანის ხმა. ისიც ვიფიქრე, ნანგრევების ქვეშ მყოფ ადამიანს როგორ უნდა ესმოდეს ხმა ისე, თითქოს ერთი კილომეტრის იქიდან მოდიოდეს? ძალიან უცნაურად მომეჩვენა“, – ამბობს ახალგაზრდა გოგონა.
ოზკანმა აღნიშნა, რომ ძალიან კარგად ახსოვს ადამიანების ხმა, მაგრამ ის ნანგრევებიდან უკვე უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. ქალი ძალიან ბედნიერია, რომ გადარჩა. მას მრავლობითი მოტეხილობები აქვს.
„მე მოვუწოდებ ხალხს, არ დაკარგონ იმედი, რაც არ უნდა მოხდეს. ნანგრევების ქვეშ ვფიქრობდი, რომ ყველაფერი დასრულდა, მაგრამ, მადლობა ღმერთს, ეს ასე არ მოხდა“,- ამბობს ოზკანი.