ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში პროკურორებმა სოციალურ მუშაკებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის – „არა ფემიციდს” ფარგლებში, გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტისა და თბილისის პროკურატურის პროკურორებმა, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სოციალურ მუშაკებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში პროკურორებმა სოციალურ მუშაკებთან განიხილეს ქალთა მიმართ გენდერულ ძალადობასა და ოჯახურ დანაშაულთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, ყურადღება გამახვილდა ძალადობის შედეგად დაზარალებული პირების, მათ შორის არასრულწლოვნების დაცვის, მხარდაჭერის და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესზე.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა: პროკურორებმა და სოციალურმა მუშაკებმა იმსჯელეს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახურ დანაშაულებზე მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის მიღწევებსა და გამოწვევებზე. გარდა ამისა, ისაუბრეს მსგავსი სახის დანაშაულის გამომწვევი მიზეზების და მათზე რეაგირების გზების შესახებ; განიხილეს ბარიერები, რომელსაც ძალადობის მსხვერპლი ქალები აწყდებიან.
კამპანიის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში აქტიურად გრძელდება საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ფემიციდის დანაშაულების პრევენციის მიზნით. პროკურატურა გამოხატავს მზაობას, ითანამშრომლოს სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომელთაც შეუძლიათ წვლილი შეიტანონ სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების პროცესში. საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის მხარდამჭერია აშშ-ის საელჩო საქართველოში და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women), – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.