მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილის ადვოკატი: დაკავებას არ ელოდა, არ იცის, რაში გამოიხატა მისი სამსახურებრივი გულგრილობა

ვახტანგაშვილისთვის უცნობია, ამ ეტაპზე რაში უნდა გამოხატულიყო მისი სამსახურებრივი გულგრილობა, – ამის შესახებ ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებულის, თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილის ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა სამსახურებრივი ვალდებულებები კეთილსინდისიერად შეასრულა.

„ბატონი გიორგის პოზიცია შემდეგი გახლავთ, მან თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება, ვალდებულებები ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულა. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ბრალი ოფიციალურად წარდგენილი არ გვაქვს, არც მასალები გვაქვს. ვახტანგაშვილისთვის უცნობია, ამ ეტაპზე რაში უნდა გამოხატულიყო მისი სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ეს არის მისი პოზიცია. დეტალებთან დაკავშირებით, უკვე სასამართლოში თვითონ ისაუბრებს.

ბატონი გიორგი დაკავებას არ ელოდა. მისი სამსახურებრივი გულგრილობა რაში გამოიხატა, არ იცის და არც შეიძლება იცოდეს, რაში შეიძლება გამოხატულიყო, რადგან მან თავისი უფლებამოსილება და ვალდებულებები კეთილსინდისიერად, ისე შეასრულა, როგორც ევალებოდა. ის 30 საათის განმავლობაში იკითხებოდა, არაერთ საგამოძიებო მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც გაუშვეს, 2-3 დღეში ხელმეორედ დაიბარეს გამოკითხვაზე და საგამოძიებო ორგანოში დააკავეს“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამართალდამცავებმა 18 ოქტომბერს 9 პირი დააკავეს. მათ შორის, კომპანია “გრინსერვის+”-ის ხელმძღვანელი, ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე, გიორგი ვახტანგაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები