არჩილ გორდულაძე – ჯიმ რიშსა და ჯინ შაჰინს საქართველო ეზიზღებათ, ამ ზიზღის ფონზე სხვადასხვა აქტს აინიცირებენ

„რიშსა და შაჰინს საქართველო ეზიზღებათ. ამ ზიზღის ფონზე სხვადასხვა აქტს აინიცირებენ და ქვეყანაში მართულ ჯაშუშებს და აგენტურას ხელს უწყობენ, რომ შემდეგ ისევ ამ აქტზე ისაუბრონ,“ – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სენატორების ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის მიერ წარდგენილ „მეგობარს აქტს“ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

„ამ აქტს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ძმაკაცობის, ნათესაობის, დედ-მამიშვილობის და ნათელ-მირონობის აქტიც რომ დაარქვან, ასეთი აქტი ინიცირებული იქნება ისეთი ადამიანების მიერ, როგორიც რიში და შაჰინია, რომლებსაც საქართველო ეზიზღებათ. ამ ზიზღის ფონზე სხვადასხვა აქტს აინიცირებენ და ქვეყანაში მართულ ჯაშუშებს და აგენტურას ხელს უწყობენ, რომ შემდეგ ისევ ამ აქტზე ისაუბრონ, თითქოს, რაიმე ხდება და კატასტროფული მოვლენებია. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ღიმილის მომგვრელიც კი არ არის ასეთი აქტების მიღება. პირიქით, ევროკავშირმა და ევროპარლამენტმა ექვსჯერ რომ მიიღო რეზოლუცია, სადაც პირდაპირი მნიშვნელობით საქართველოს სანქცირებას ითხოვენ, იმ ფურცლის ფასიც კი არ აქვს, რომელზეც ის დაბეჭდილია. ეს ადამიანები მიხვდნენ, რომ ჩვენ მიმართ ასეთ შანტაჟებს არანაირი აზრი არ აქვს – სჯობს, დამშვიდდნენ, დაწყნარდნენ და თავიანთ საქმეს მიხედონ“, – განაცხადა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები