“მჯერა, რომ სპორტსმენების თავდაუზოგავი შრომით, სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის თანადგომით, წინ კიდევ არაერთი წარმატება გველის” – მიხეილ ყაველაშვილი

“დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, განსაკუთრებული სპორტული მიღწევებისთვის – კერძოდ, ხელბურთში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ისტორიული შედეგის მიღწევისა და აღნიშნული ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე წარმატებული ასპარეზობისთვის, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დავაჯილდოვე საქართველოს ვაჟ-ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები, ასევე, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელი პირები”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ყაველაშვილი მადლობას უხდის თითოეულ მათგანს ამ ისტორიული შედეგის მიღწევისთვის.

“ეს ყოველივე სწორედ სპორტსმენების დაუღალავი შრომის, მიზანდასახულობისა და საკუთარი თავის რწმენის შედეგია.

სპორტში ყველაზე ნათლად ჩანს ქართველი ადამიანის მტკიცე და შეუპოვარი ხასიათი – ეს ის თვისებებია, რაც ჩვენს ერს აძლიერებს! ჩვენ უკვე არაერთხელ დავრწმუნდით, რომ თითოეულ გამარჯვებას შეუძლია ჩვენი საზოგადოების გაერთიანება, სიამაყითა და სიყვარულით ავსება.

მჯერა, რომ სპორტსმენების თავდაუზოგავი შრომით, სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის თანადგომით წინ კიდევ არაერთი წარმატება გველის. დარწმუნებული ვარ, ისინი კიდევ ბევრჯერ გაახარებენ ქართველ გულშემატკივარს.

წარმატება ვუსურვებ ვაჟ-ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს 13 მარტს გასამართ მატჩში”, – წერს ყაველაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები