გიორგი ვოლსკი: გვინდა, წარმატებით დასრულდეს „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლა
,,გვინდა, წარმატებით დასრულდეს „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ზოგადად მსოფლიოს დიდი გამოწვევა ელოდება”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ამერიკელი სენატორების, ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის მიერ „მეგობარი აქტის“ წარდგენაზე საუბრისას განაცხადა.
ვოლსკის თქმით, მათ გარკვეული ამოცანა აქვთ.
„ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი მიხეილ სააკაშვილის აღმზრდელები და მისი რეჟიმის დამცველები არიან. აღმზრდელები, რომლებმაც იმ პოზიციაზე მოიყვანეს და გაამწესეს, სადაც სადისტური სისტემა შეიქმნა. რასაკვირველია, ამათ გარკვეული ამოცანა აქვთ. ახლა მსოფლიოში პოლიტიკური კონიუნქტურა შეიცვალა, მაგრამ არ შეცვლილა კონკრეტული პირები და მათი ამოცანები – საქართველომ მსხვერპლი გაიღოს. საქართველომ მსხვერპლი ერთხელ უკვე გაიღო და ტერიტორიების 20% დაკარგა, რაც უამრავი ადამიანის გაუბედურების ხარჯზე მოხდა. ახლა მეორე მსხვერპლს ითხოვენ, რომ საქართველო ისეთ პროცესში ჩაერთოს, საიდანაც თუ გამოვიდა და გადარჩა, აუცილებლად სერიოზული ზარალით გამოვა. რასაკვირველია, ამას თავისი შემოქმედები ჰყავდა და ეს კონკრეტული ადამიანები, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი იმ ჯგუფიდან არიან. როგორ განვითარდება მოვლენები, ამაზე წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ფაქტია, რომ „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლა გვინდა, რომ წარმატებით დასრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ზოგადად მსოფლიოს დიდი გამოწვევა ელოდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა და კომიტეტის წევრმა, ჯინ შაჰინმა გასულ კვირას „მეგობარი აქტი“ წარადგინეს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ორპარტიული აქტი მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რადგან მათი მთავრობა აგრძელებს ძალადობრივ თავდასხმებს მშვიდობიან მომიტინგეებზე და კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.