„მიშა, შენ ხარ გიჟი! “
„მიშა, შენ ხარ გიჟი, რასაც ახლა აკეთებ, ეს არის სიგიჟე“, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძეს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს. ამ ინფორმაციას პეტრე მამრაძე გაზეთ „ქრონიკასთან“ ინტერვიუს დროს ახმაურებს, რომელსაც 2007 წლის 7 ნოემბერს მთავრობის კანელარიის უფროსის თანამდებობა ეკავა.
როგორც პეტრე მამრაძე გაზეთ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში აცხადებს, 2007 წლის 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა ისე მიიღო, რომ ამის შესახებ არც პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ და არც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა არ იცოდნენ. მისი თქმით, ნინო ბურჯანაძე რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეთა დარბევას თვალს ფანჯრიდან ადევნებდა და სწორედ ამ დროს შედგა მიხეილ სააკაშვილსა და ნინო ბურჯანაძეს შორის სატელეფონო საუბარი.
როგორც პეტრე მამრაძე აცხადებს, იგი ამ სატელეფონო საუბარის ერთადერთი მოწმეა.
„ვერ ვიხსენებ, სააკაშვილმა დაურეკა ბურჯანაძეს თუ თვითონ დაურეკა მას, მანამდე ჩვენს შორის იყო საუბარი და ბურჯანაძეს ვეუბნებოდი, რომ ხომ ვამბობდი, მოხდებოდა დესტაბილიზაცია, მიუხედავად იმისა, რომ ხალხი დაიშალა და თითქოს ყველაფერი დასრულდა. სწორედ ამ დროს განხორციელდა პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის სატელეფონო საუბარი. წესია, როცა პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი საუბრობენ, ოთახი უნდა დატოვო, როგორც კი გასვლა დავაპირე, ბურჯანაძემ ხელით მანიშნა, დარჩიო… როგორც ჩანს, მას ჩემთან საუბრის გაგრძელება უნდოდა. მათი საუბარი გადავიდა ყვირილის ფაზაში, კონკრეტულად ნინო ბურჯანაძე უყვიროდა სააკაშვილს: „მიშა, შენ ხარ გიჟი! რასაც ახლა აკეთებ, ეს არის სიგიჟე! ეს არის შენი პრეზიდენტობის ბოლო დღე, დაიმახსოვრე, ამ ამბებს გადაყვები!“
მე ამ ყვირილის მოწმე გავხდი. სააკაშვილთან საუბრის დასრულების შემდეგ მე და ბურჯანაძემ გავაგრძელეთ საუბარი, რა ზომების გატარება იყო შესაძლებელი, რომ სახელმწიფო ამ დესტაბილიზაციას არ გადაჰყოლოდა“, – აცხადებს პეტრე მამრაძე გაზეთ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში.