,,მე წარმოვადგენ ხელისუფლებას, რომელმაც ყველაზე მეტი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს წინსვლისთვის – საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზის ერთგულია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, ევროკავშირის ზოგიერთი სტრუქტურის მხრიდან არის ტენდენცია, ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს, ელაპარაკოს დირექტივებით.
„ევროპული კავშირის ცენტრალური სტრუქტურების ზედმეტმა გაძლიერებამ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც საუკეთესოდ გამოხატავს თითოეული ქვეყნის უნიკალურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ასპექტებს. საქართველო ერთგულია ევროკავშირში გაწევრიანების გზის. მე წარმოვადგენ ხელისუფლებას, რომელმაც ყველაზე მეტი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს წინსვლისთვის. ამავდროულად, პარლამენტის გადმოსახედიდან, ჩვენ ევროპული ინსტიტუტების მხრიდან გაუგებარი მოპყრობის მომსწრენი გავხდით. სამწუხაროდ, ევროკავშირის ზოგიერთი სტრუქტურის მხრიდან ვხედავთ ტენდენციას, ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს, ელაპარაკოს დირექტივებით, დაუწესოს ვალდებულებები უფლებების მინიჭების გარეშე. ვალდებულებების ქონა ხმის უფლების გარეშე, განსაკუთრებით ევროკავშირის იმ ინსტიტუტებში, სადაც საქართველო ჯერჯერობით არ არის წარმოდგენილი, არ შეესაბამება დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპს, რომელზეც დგას ევროკავშირი.
ევროკავშირის ცენტრალიზებული სტრუქტურა ზოგჯერ ისეთ პირობებს აწესებს, რომელზეც თავად ევროკავშირი ვერ თანხმდება. ამ პრაქტიკის ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენდა საქართველოსადმი მოთხოვნა, შეექმნა მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების ექსტრაორდინარული სისტემა, რომელიც „ვეტინგის“ სახელითაა ცნობილი და უცხოელი აქტორების მიერ უნდა ყოფილიყო განხორციელებული. ეს სისტემა, დანერგვის შემთხვევაში, შეეწინააღმდეგებოდა დემოკრატიის მთავარ პრინციპს, რომლის მიხედვითაც ძალაუფლება ხალხისგან მომდინარეობს. გამოდიოდა, რომ ხელისუფლების მთლიანი შტო დაკომპლექტდებოდა უცხოელი აქტორების მიერ, რაც ეროვნული სუვერენიტეტის არსს ეწინააღმდეგება. მეეჭვება, რომ ევროკავშირის რომელიმე წევრი სახელმწიფო თავის სუვერენიტეტში ასეთ ჩარევას დაუშვებდა,” – განაცხადა პაპუაშვილმა.