ნუგზარ ზარანდიას შემოქმედებითი საღამო გაიმართება

15 მაისს, 19:00 საათზე, ფოლკლორის ცენტრის საკონცერტო დარბაზში ნუგზარ ზარანდიას შემოქმედებითი საღამო გაიმართება.
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, ლოტბარი, მომღერალი, პედაგოგი, ხობის საპატიო მოქალაქე ნუგზარ ზარანდია 50 წელია ემსახურება ქართული ხალხური, კონკრეტულად – მეგრული სიმღერის შენარჩუნება-განვითარების, დაცვის, მოვლა-პატრონობისა და პოპულარიზაციის საქმეს.
„თბილისის სერგო ზაქარიაძის სახელობის სასწავლებლის დასრულების შემდეგ, მშობლიურ მხარეში დაბრუნდა და ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში შეუდგა აქტიურ სალოტბარო საქმიანობას.
ეს ის წლებია, როცა გაუჭირდა ხალხურ სიმღერას, „სხვათა ჰანგებმა“ იმძლავრა უნიკალური ქართული მრავალხმიანობის სამშობლოში… და სწორედ მაშინ, ანზორ ერქომაიშვილის მამულიშვილური თავდადებითა და შორსმჭვრეტელობით შექმნილ ბიჭუნათა ანსამბლ „მართვეს“ წარმატებულმა მოღვაწეობამ და მსოფლიო აღიარებამ სტიმული მისცა და შემოაბრუნა ქართული მუსიკალური აზროვნებისკენ ქართული გონი და ყური… „მართვეს“ კვალდაკვალ საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში იქმნებოდა ბიჭუნათა ანსამბლები.
ნუგზარ ზარანდიას ხელმძღვანელობით ხობში შეიქმნა ბიჭუნათა ფოლკლორული ანსამბლები სოფ. საჯიჯაოში, შუა ხორგაში, ქვემო ქვალონში, ახალსოფელში, პირველ მაისსა და ხობში. სწორედ მან გაუკვალა გზა მოზარდებს ქართული ფოლკლორის თვითმყოფად სამყაროში.
ნუგზარ ზარანდიას შემოქმედების გვირგვინი ხობის ფოლკლორული ანსამბლი „კოლხეთია“, რომელსაც 1983 წლიდან ჩაუდგა სათავეში და დღემდე ხელმძღვანელობს. ანსამბლი ხობის კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის მონაწილეა. ასე იყო საერთაშორისო ფესტივალის „სიმღერა სამეგრელოზე“ ჩატარებისას, რომელსაც წლების განმავლობაში ხობის მუნიციპალიტეტი მასპინძლობდა. ანსამბლ ,,კოლხეთთან“ ერთად ამ ფესტივალში ნუგზარ ზარანდიას ბიჭუნათა და ქალთა ანსამბლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ.
მადლიერების, სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად ფოლკლორულ ანსამბლ „კოლხეთის“ ხელმძღვანელს ნუგზარ ზარანდიას, ქართული (მეგრული) ხალხური სიმღერის პოპულარიზაციისა და განვითარების საქმეში გაწეული მნიშვნელოვანი ღვაწლისთვის, ხობის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები