ზელენსკიმ რომის ახალ პაპთან პირველი სატელეფონო საუბარი გამართა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას ახალ პაპ ლეო XIV-თან პირველი სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
ზელენსკიმ პაპთან საუბარს „ძალიან თბილი“ და “შინაარსიანი“ უწოდა.
„მადლობა გადავუხადე უკრაინის და ჩვენი ხალხის მხარდაჭერისთვის. ვაფასებთ მისი უწმინდესობის სიტყვებს ჩვენი ქვეყნისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევისა და პატიმრების გათავისუფლების აუცილებლობის შესახებ“, – აღნიშნა ქვეყნის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ დაადასტურა უკრაინის მზადყოფნა ნებისმიერი ფორმატით, განსაკუთრებით პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის.
“მე მისი უწმინდესობა უკრაინაში სამოციქულო ვიზიტით მოვიწვიე. ასეთი ვიზიტი ყველა მორწმუნეს, ჩვენს ყველა ხალხს რეალურ იმედს მოუტანს. ჩვენ შევთანხმდით, რომ შევინარჩუნებთ კონტაქტს და უახლოეს მომავალში დავგეგმავთ პირად შეხვედრას“, – დასძინა უკრაინის ლიდერმა.