ვანო მერაბიშვილის საიდუმლო თათბირის ჩანაწერი პროკურატურას ამირან მესხელმა გადასცა?!

შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საიდუმლო თათბირის ჩანაწერი, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევას ეხებოდა, პროკურატურას ამირან მესხელმა გადასცა – ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „ალია“ სანდო წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებს. პროკურატურის ინფორმაციით, 2007 წლის ნოემბრის აქციებში მონაწილე ხალხის დატერორება, სადამსჯელო ღონისძიებათა განხორციელება ვანო მერაბიშვილის კაბინეტში დაიგეგმა. განცხადებაში ნათქვამია, რომ 4 ნოემბერს, ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართულ ამ თათბირს ესწრებოდნენ ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი, დათა ახალაია, გიგი უგულავა და გუბერნატორები. „ალიას” სანდო წყარომ განუცხადა, რომ ამ საიდუმლო თათბირს კიდევ ერთი ადამიანი ესწრებოდა და მის შესახებ პროკურატურას არაფერი უთქვამს.
„ეს ადამიანი ყოფილა ვანო მერაბიშვილის მოადგილე, იმჟამად ქვეყნის უშიშროების ყველა სამსახურის კურატორი ამირან მესხელი. წყარო აცხადებს, რომ მესხელმა ეს თათბირი თავიდან ბოლომდე ჩაწერა და ჩანაწერი მთავარ პროკურატურას უცხოეთიდან გამოუგზავნა. ამდენად, გამოძიებას არა მხოლოდ ის ინფორმაცია აქვს საიდუმლო თათბირის შესახებ, რაც გაახმაურა, არამედ ამ თათბირის სრული ჩანაწერი. გარდა ამისა, მესხელს 2007 წლის აქციების, “ტელეიმედის” დარბევისა და იმ ფაქტების შესახებ, რის გამოც მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე ბრალი წაუყენეს, დამატებით სხვა ინფორმაციებიც გადაუცია პროკურატურისთვის, მათ შორის, აუდიო და ვიდეომტკიცებულებები. წყარო ირწმუნება, რომ მესხელი არა მხოლოდ ვანო მერაბიშვილთან, ყველა სხვა მაღალჩინოსანთან ჩატარებულ თათბირებს იწერდა და ინახავდა. ასევე, იწერდა მისსავე კაბინეტში ჩატარებულ თათბირებს. უშიშროების სამსახურების უფროსს, რომელსაც შს სამინისტროს არსენალში არსებულ ყველანაირ ტექნოლოგიაზე, მათ შორის, ფარული ჩაწერის უახლეს საშუალებებზე მიუწვდებოდა ხელი, ამის გაკეთება ნამდვილად არ გაუჭირდებოდა”, – აღნიშნავს გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები