თბილისის აზერბაიჯანული პანთეონი, რომლის ისტორიაც საუკუნეებით ადრე იწყება
დიდუბისა და მთაწმინდის გარდა, თბილისში კიდევ ორი პანთეონი არსებობს: ერთი სომეხ, ხოლო მეორე აზერბაიჯანელ საზოგადო მოღვაწეთა. გორხანა – ასე ერქვა თბილისის ბოტანიკურ ბაღთან არსებულ ტერიტორიას, სადაც თბილისელ მუსლიმთა სასაფლაო მდებარეობდა. გორხანა (საფლავის სახლი), როგორც ადგილმდებარეობა, ისტორიულ ქრონიკებში პირველად მე-18 საუკუნეშია მოხსენიებული. სწორედ აქ შეებრძოლნენ ერთმანეთს ერეკლე II და განჯის მმართველი აბდულა ბეგი.
„აბდულა-ბეგ წავიდა განჯას, ხუთი ათასი კაცი წამოასხა, ყიზილ-ბაშის ჯარით მოადგა ქალაქს ტფილისს. ტფილისიდან ქუვეითი ჯარი გავიდა. გორხანის თავზედ … ტფილის ჯარმან გაიმარჯუა.” -ეს ამბავი 1748 წელს, „ბზობის პარასკევი დღეს“ მომხდარა.
საქართველოს გასაბჭოებამდე მუსლიმთა სასაფლაო საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავდა, თუმცა საბჭოთა პერიოდში საფლავთა უმეტესობა ტრაქტორებით მოასწორეს და გორხანაზე მხოლოდ რამდენიმე გამოჩენილი პირის საფლავი დატოვეს. მაშინვე განადგურდა სასაფლაოზე მდგარი მცირე მეჩეთიც. მოგვიანებით კომუნისტებმა სასაფლოს პანთეონის სტატუსი მიანიჭეს. დღეისათვის გორხანაზეა დასაფლავებული აზერბაიჯანული კულტურის ისეთი წარმომადგენლები, როგორებიცაა: მირზა ფათალი ახუნდოვი, მირზა შაფი ვაზეხი და აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ფათალი ხან ხოისკი.
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებაში უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა, მათ შორის უპირობო და გამოკვეთილი ლიდერი სწორედ ცნობილი ანტიბოლშევიკი ფატალი ხან ხოისკი გახლდათ.
ჰეიდარ ალიევის პრეზიდენტობის დროს თბილისის აზერბაიჯანული პანთეონი კეთილმოეწყო, საფლავებზე დაიდგა სკულპტურები. რამდენიმე თბილისელი აზერბაიჯანელი დღესაც უვლის თბილისში დაკრძალული დიდი წინაპრების საფლავებს.