იაგო ხვიჩია: განცხადებები – „მე შენ დაგამხობ“ და „შიმშილობას ვიწყებ“ ერთმანეთს არ შეეფერება
მე შენ დაგამხობ და შიმშილობას ვიწყებ, ჩემი აზრით, არ არის ერთმანეთთან შესაფერისი, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მისივე განმარტებით, შიმშილობა პროტესტის უკიდურესი ფორმაა, ადამიანისთვის თავის შეცოდებაა და რევოლუციის მიწოდებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„მე შენ დაგამხობ და შიმშილობას ვიწყებ, ჩემი აზრით, არ არის ერთმანეთთან შესაფერისი. თუ შიმშილობას იწყებ, ადამიანს თავს აცოდებ – ამბობ, რომ მე სხვა არაფერი შემიძლია, უძლური ვარ სისტემის წინაშე… ეს პროტესტის უკიდურესი ფორმაა, სხვა არაფერი შემიძლია და ვამოწმებ ხალხის წინაშე, შენ რამდენად კაცთმოყვარე ხარ – მიდიხარ თუ არა ჩემს სიკვდილზე. მეორე მხრივ, ამბობ, რომ გამოსავალი რევოლუციააო. ეს ორი რაღაც ერთმანეთთან თავსებადი როგორ არის. თუ რევოლუციაა გამოსავალი, მაშინ ხომ სხვა რამეა გასაკეთებელი. თუ რევოლუცია არ არის გამოსავალი და რაღაც სხვას აკეთებ და ფიქრობ, რომ ჯერ რევოლუციის ძალა არ გაქვს, მაშინ იდეაზე უნდა იმუშაო. იდეაზე მუშაობა კი არა, იმ ხალხმა, ვინც ახლა ციხეში ზის, საკუთარ ტელევიზიებში აკრძალა იდეაზე მუშაობა. იდეის ფორმირებას ყველანაირად ხელს უშლიან, გუშინაც ეს იყო. მე უბრალოდ ხელი ჩავიქნიე, მივხვდი, რომ ამ ხალხის გამოსწორება არ იქნება და არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ რამე შეიცვლება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.