დავით მათიკაშვილი: ადეკვატური მიდგომები არის საჭირო სახელმწიფოს მხრიდან ამ მძიმე სენის დასაძლევად
„ადეკვატური მიდგომები არის საჭირო სახელმწიფოს მხრიდან ამ მძიმე სენის დასაძლევად,”- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
„გარე აქტორების მხრიდან ხდებოდა პროპაგანდირება და სხვათა შორის, დაფინანსებული მცდელობა, რომ ცალკეული ტიპის ნარკოტიკულ ნივთიერებებთან დაკავშირებით ყოფილიყო ისეთი პროპაგანდა, რომ თითქოს, მაგალითად, მარიხუანა არის მსუბუქი ნარკოტიკი, რომ მისი მოხმარება არ იწვევს მძიმე შედეგებს. კლუბურ ნარკოტიკებთან მიმართებითაც იყო ანალოგიური მიდგომები გარკვეულწილად. ეს ყველაფერი არის ცხადია, ტყუილი. ადეკვატური მიდგომები არის საჭირო სახელმწიფოს მხრიდან ამ მძიმე სენის დასაძლევად. შესაბამისად, ყველა ის ცვლილება, რომელიც არის განხორციელებული სისხლის სამართლის კოდექსში და თანდართულ კანონთა პაკეტში, ემსახურება ერთადერთ მიზანს – ეს არის ბრძოლა ნარკომანიის წინააღმდეგ ჩვენი მომავალი თაობის გაჯანსაღებისთვის“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებები. საუბარია ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებსა და ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტზე.