ამირან გამყრელიძე: იმ შემთხვევაში, თუ ის ჯგუფები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ სავალდებულოდ იტესტებიან, არ აიცრებიან, მათთვის ტესტის ჩატარება ფასიანი გახდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ის ჯგუფები, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სახელმწიფოს მიერ სავალდებულოდ იტესტებიან არ აიცრებიან, მათთვის ტესტის ჩატარება ფასიანი გახდება.

„მოგეხსენებათ, ტესტირება პანდემიის მართვის ერთ-ერთი მთავარი მეთოდია და მასში სახელმწიფო დიდ ფულს ხარჯავს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ტესტის დღიური საშუალო მაჩვენებელი 38 ათასი გვაქვს. 15 სექტემბრიდან ვფიქრობთ, რომ ის ესენციური ჯგუფები, რომლებიც აუცილებლად იტესტებიან სახელმწიფოს მიერ, იმ შემთხვევაში თუ არ იქნებიან ორჯერ ვაქცინირებულები, სახელმწიფოს დაფინანსებით აღარ გაიტესტებიან. ისინი კვლავ ვალდებულები იქნებიან ტესტი ჩაიტარონ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი ორჯერ იქნებიან ვაქცინირებულები, მაშინ ისევ სახელმწიფო დააფინანსებს, მაგრამ თუ არ იქნებიან ვაქცინირებულები ორჯერ, მაშინ ან დამსაქმებელმა ან თავად უნდა გადაიხადონ ტესტის საფასური. სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ მათ უფასოდ მიაწოდონ ვაქცინა. კეთილი ინებონ და აიცრან! დადგება საკითხი, რომ ტესტირება უნდა ჩატარდეს ან დამსაქმებლის ან თავად ამ პიროვნების პირადი ხარჯით. ეს წინადადებაც დაყენებულია. ეს ჯგუფებია: ექიმები, თუმცა, რადგან წინა ხაზია, მათთვის ალბათ გამონაკლისიც იქნება. ასევე, მოლებსა და მაღაზიებში დასაქმებულები, პედაგოგები, პოლიციელები და ა.შ. სექტემბრიდან ასევე განიხილება ინიციატივა გარკვეულ საჯარო და დიდ დაწესებულებებში მხოლოდ ან ვაქცინირებული ან წინასწარ ტესტირებული მოქალაქეების შეშვების.

ეს არ არის ჩვენ მიერ გამოგონილი ველოსიპედი, ვეცნობით საერთაშორისო გამოცდილებას. ეს რეკომენდაციაც მიღებულია მთელს მსოფლიოში, რომ სხვადასხვა საჯარო, კერძო, დიდ დაწესებულებებში, შედიხარ მხოლოდ ორჯერ აცრილის სტატუსით, ან 24-საათიანი ანტიგენით ან 72-საათიანი პსრ-ით, ან თუ გადატანილი გაქვს ბოლო 6 თვის განმავლობაში კოვიდი. ეს წინა საბჭოზეც დავაყენეთ. ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს საკითხი სექტემბრისთვის განვიხილოთ. ხალხი ხომ უნდა მოემზადოს?! ჩვენ რომ დავადგინოთ, რომ ხვალიდან შევიდეს ძალაში, არ ვიქნებით მთლად მართლები, ამიტომ, ვაცხადებთ, რომ ამ საკითხზე ვმუშაობთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები