ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრისა და მოსკოვში ვიზიტის შესახებ საუბრობს. ბორელის ბლოგს eeas.europa.eu აქვეყნებს.
როგორც ბორელი აღნიშნავს, მან ლავროვთან ბევრი საკითხი განიხილა, მათ შორის, კონფლიქტები მეზობელ ქვეყნებში, საქართველოსა და უკრაინაში. ბორელმა რუსეთს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების პატივისცემისკენ მოუწოდა.
,,ამ კვირაში წავედი მოსკოვში იმის გასამოწმებლად, იყო თუ არა რუსეთის მთავრობა დაინტერესებული უთანხმოების მოგვარებით და ჩვენი ურთიერთობების უარყოფითი ტენდენციის შეცვლით. რეაქციამ, რომელიც მივიღე, აშკარად სხვა მიმართულებით მიაქცია მხედველობა. ასე რომ, როგორც ევროკავშირს, ჩვენ მოგვიწევს უფრო ფართო შედეგებზე ხედვა. გზაჯვარედინზე ვართ. მიმდინარეობს 21-ე საუკუნის გეოპოლიტიკური ლანდშაფტის ძირითადი პარამეტრების შედგენა”, – აცხადებს ჯოზეფ ბორელი.
მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლებას არ სურს, რომ უფრო კონსტრუქციული დიალოგი ჰქონდეს ევროკავშირთან.
,,ახლახან დავბრუნდი მოსკოვში ძალიან რთული ვიზიტიდან, რომელზეც დავიწყე ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობების სავალალო მდგომარეობის განხილვა. სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა მას შემდეგ, რაც ბოლოდროინდელი მოვლენები მოხდა, რაც უკავშირდება ალექსეი ნავალნის მოწამვლას, დაპატიმრებასა და განაჩენს, ისევე როგორც ათასობით დემონსტრანტის მასობრივ დაპატიმრებას. ამ მისიის მიზანი იყო, პირდაპირ გამოეხატა, რომ ევროკავშირი მკაცრად გმობს ამ მოვლენებს; პრინციპული დიპლომატიის საშუალებით განეხილა რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის სწრაფი გაუარესების პროცესი და ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობებზე ევროსაბჭოს მომავალი განხილვების მომზადებას დახმარებოდა.
ჩემი ვიზიტის დროს აგრესიულად მოწყობილი პრესკონფერენცია და ევროკავშირის სამი დიპლომატის გაძევება მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ხელისუფლებას არ სურს, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა უფრო კონსტრუქციული დიალოგი ჰქონდეს ევროკავშირთან. როგორც ევროკავშირს, ჩვენ მოგვიწევს შედეგების დასახვა, ყურადღებით დავაკვირდეთ იმ მიმართულებას, რომელიც გვინდა, მივცეთ რუსეთთან ურთიერთობებს და მივიღოთ გადაწყვეტილება.
ადამიანის უფლებათა საკითხები და ძირითადი თავისუფლებები, განსაკუთრებით ალექსეი ნავალნის საქმე იყო ჩემი და საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის შეხვედრის მთავარი თემა. ჩემს რუს კოლეგასთან დისკუსიამ დაძაბულობის მაღალ დონეს მიაღწია, რადგან მე ვთხოვდი ბატონ ნავალნის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას, ისევე როგორც სრულ და მიუკერძოებელ გამოძიებას მისი მკვლელობის მცდელობის შესახებ. მინისტრ ლავროვს შევახსენე, რომ რუსეთის ვალდებულებები ადამიანის უფლებების სფეროში გამომდინარეობს საერთაშორისო ვალდებულებებიდან, რომელიც მან თავისუფლად აიღო (ე.ი. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია) და ამიტომ იგი არ შეიძლება უარყოფილი იქნეს. მე კიდევ ერთხელ გავიმეორე ეს საკითხები პრესკონფერენციაზე.
ასევე გამოვხატე ევროკავშირის მხარდაჭერა ადამიანის უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებში, ბორის ნემცოვის, წამყვანი ოპოზიციური მოღვაწის პატივისცემის ნიშნად, რომელიც ხიდთან ექვსი წლის წინ მოკლეს.
ჩვენ ასევე ვისაუბრეთ კონფლიქტებზე ჩვენს უახლოეს სამეზობლოში და მე დაჟინებით მოვითხოვე მინსკის შეთანხმების სრული შესრულება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. მე ასევე გამოვთქვი ბელორუსელი ხალხის მოწოდება, რომელიც უკვე ექვსი თვეა ხმამაღალი და მკაფიოა – აირჩიონ თავიანთი პრეზიდენტი; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება და სირიისა და ლიბიის კრიზისი ასევე იყო ის საკითხები, რომლებსაც შევეხეთ ჩვენი პრობლემური სამეზობლოს მიმოხილვის დროს.
ჩვენ ასევე ვაღიარეთ ირანში ბირთვული შეთანხმების (JCPOA) კარგი თანამშრომლობის აუცილებლობა და პალესტინა-ისრაელის კონფლიქტში მშვიდობისა და შერიგების მცდელობებისთვის ერთობლივი მონაწილეობის პოტენციალი”, – განაცხადა ბორელმა.
ევროკავშირის წარმომადგენელი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთი თანდათან წყვეტს კავშირს ევროპასთან და დემოკრატიულ ღირებულებებს საფრთხედ აღიქვამს.
,,ჩემმა შეხვედრამ მინისტრ ლავროვთან და ამ ვიზიტის დროს რუსეთის ხელისუფლების შეტყობინებებმა დაადასტურა, რომ ევროპა და რუსეთი ერთმანეთისგან შორს არიან. როგორც ჩანს, რუსეთი თანდათან წყვეტს კავშირს ევროპასთან და დემოკრატიულ ღირებულებებს უყურებს, როგორც ეგზისტენციალურ საფრთხეს.
ამ თემებს განვიხილავ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. როგორც ყოველთვის, წევრმა ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ შემდეგი ნაბიჯები და დიახ, ეს შეიძლება შეიცავდეს სანქციებს. თუ ხვალინდელი დღისთვის უფრო უსაფრთხო სამყარო გვინდა, დღეს უნდა ვიმოქმედოთ და მზად ვიყოთ რისკისთვის”, – აღნიშნავს ბორელი.