ლონდონში პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა, რომლებიც COVID 19-ის პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ

ადგილობრივი მედია წერს, რომ პოლიციამ ლონდონში დააკავა 12 ადამიანი, რომლებიც ,,ლოქდაუნს” აპროტესტებდნენ. საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებიც უარს აცხადებდნენ პირბადის ტარებაზე, მოეწყო მას შემდეგ, რაც ლონდონის მერმა გააკეთა განცხადება საავადმყოფოების გადატვირთვისა და ინფიცირების მაჩვენებლის დრამატული ზრდის შესახებ.

პოლიციის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების მიხედვით, საპროტესტო შეკრებები არ წარმოადგენს გამონაკლისს და ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მსგავს ღონისძიებებს მოჰყვება შესაბამისი რეაგირებები. ცნობისთვის, მკაცრი ლოქდაუნის პირობებში, დიდ ბრიტანეთში აკრძალულია შეკრებები და ადამიანებს უფლება აქვთ დატოვონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში – სასურსათო მაღაზიაში ან სამსახურში წასვლის მიზნით.

ასევე აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდ ბრიტანეთში, მომდევნო კვირებში კიდევ უფრო გამკაცრდება კოვიდრეგულაციების კონტროლი. პანდემიის დაწყების დღიდან, პოლიციელები აქტიურად იყვნენ ჩართულები საზოგადოებისთვის ახალი რეგულაციების გაცნობისა და მათი დაცვის წახალისების პროცესებში. თუმცა, არსებული ინფორმაციით, რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, პოლიციელები ახლა უფრო მეტად იქნებიან მობილიზებულნი დააჯარიმონ ყველა კანონდამრღვევი. ასევე, პოლიციელების განცხადებით, ჯარიმები ბუნებრივად გაიზრდება, რადგან ადამიანები წესებს ნაკლებად იცავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები