დიმიტრი ხუნდაძე – ხალხი ჰყავთ ჩამოტარებით, 20-25 ადამიანი არის ხან მცხეთაში, ხან გორში და ამბობენ, რომ მთელი ქვეყნის პროტესტია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მცხეთის მერიის შენობასთან მომხდარ ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციის მიზანია, შექმნან აურზაური და საზოგადოების ყურადღება მიიქციონ.
ხუნდაძის თქმით, რეალურად, 20-25 ადამიანი იღებს სხვადასხვა ადგილზე გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას და ისე აჩვენებენ, თითქოს მთელი ქვეყნის პროტესტია.
“მათი მიზანი არის აურზაური და უნდათ, საზოგადოების ყურადღება მიიქციონ, თითქოს ეს არის მთელი საქართველო და მათი პროტესტი მთელი ქვეყნის პროტესტია, არადა, ფაქტობრივად, ეს ხალხი არის ჩამოტარებით, დაახლოებით 20-25 ადამიანი არის ხან მცხეთაში, ხან გორში და ხანაც ქუთაისში. სამწუხაროა, რომ ახალგაზრდები არიან და ლიდერები აქეზებენ ახალგაზრდებს, რომ მოხდეს მათ შორის დაპირისპირება, რაც მიუღებელია“, – განაცხადა ხუნდაძემ.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ ძალადობა მიუღებელია.
“კიდევ ერთხელ ვამბობ, მათი დესტრუქციული გეგმა არის ჩაშლილი და არიან აგონიაში, ქვეყანა ასეთი მეთოდებით არ იმართება, მითუმეტეს ადამიანებს, როცა არ შეუძლიათ საუბარი და სამართლებრივი წესრიგის დაცვა, მათ ხელში ქვეყნის ჩაგდება არის მაღალი რისკის შემცველი და ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ამასთან, ხუნდაძე ამბობს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებისთვის, მცხეთის მერიასთან, რომლის შენობაშიც მისი მაჟორიტარული ბიურო მდებარეობს, მხარდამჭერები არ დაუხვედრებია.
“ელემენტარულად ვერ დავახვედრებდი, რადგან მე არ ვიყავი იქ. მეძებდნენ იქ, სადაც არ ვიყავი, მათ თუ ჩემი პოვნა უნდოდათ, ვიყავი ბიუროზე, რასაც მთელი საქართველო უყურებდა. ყველასთვის ცნობილი იყო, სად იყვნენ დეპუტატები. მათი მიზანი არ არის რომელიმე დეპუტატის ძებნა ან ქვეყნის სასიკეთო რაღაცების ძიება, მათი გზა არის მარტივი და დესტრუქციული, ცნობადი სახეები არიან და მათ საზოგადოება დიდი ხანია იცნობს, ისინი წვალობენ 2012 წლის შემდეგ, რომ რამენაირად დაიბრუნონ ხელისუფლება, ან მათ, ან შვილებს გადასცენ მსგავსი მეთოდებით სამართავად ეს ქვეყანა. წარმოუდგენელი და გამორიცხულია, ამას არ დაუშვებს არც საზოგადოება და არც მმართველი გუნდი, რომელიც არის პასუხისმგებელი ქვეყნის მართვაზე. ქვეყანა არის სამართლებრივი და თუ ვინმე კანონს დაარღვევს, ისინი შეეჯახებიან კანონს და მიიღებენ მკაცრ პასუხს“ ,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
დეპუტატის განმარტებით, არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს ის რეაქცია, რაც მცხეთის მერიასთან აქციის მონაწილეების ქმედებას მოჰყვა.
“როცა ისინი მოდიან მერიაში, აქ უპირატესად საჯარო მოხეეელები მუშაობენ, რაც არ უნდა უკვირდეთ და, ასევე, არ უნდა უკვირდეთ მათ ეს რეაქცია. მე როცა აქ მოვედი, პირველი ვიკითხე, პირობითად მეორე მხარეს ვინ იდგა ადგილობრივი მოსახლე, მივიღე პასუხი, რომ არავინ“,- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
მცხეთის მერიასთან, ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. როგორც ისინი აცხადებდნენ, დიმიტრი ხუნდაძეს 41 ვერცხლი მოუტანეს: „მოვიტანეთ 41 ვერცხლი, რომ დიმიტრი ხუნდაძე გამოვისყიდოთ“.
აქციაზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.