სომხეთში პრორუსული ძალები დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ დაირაზმნენ
ევროსაბჭოს ე.წ სტამბულის კონვენციის შესაძლო რატიფიცირების ირგვლივ სომხეთში ბოლო პერიოდში დისკუსიები და გარკვეული ვნებათაღელვაა. კონვენცია იმ სამართლებრივ მექანიზმებს და ინსტრუმენტებს განსაზღვრავს, რომლებიც ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად ხელმომწერმა ქვეყნებმა უნდა აამოქმედონ. კონვენციის მხარეები ძალადობის პრევენციისა და დაზარალებულთა დაცვის ვალდებულებას იღებენ.
სომხეთში ისეთი კატეგორიის ადამიანებიც არიან, ვინც თვლის, რომ კონვენცია ერთგვარ „პანდორას ყუთად“ იქცევა, ტრადიციულ ღირებულებებს, მამაკაცების დომინირებას შეარყევს და სხვა. თუმცა, სომხეთის იუსტიციის სამინისტრო ოფიციალურ განცხადებებში აღნიშნავს, რომ დოკუმენტი რაიმე საფრთხეს ნაციონალური ტრადიციების და ღირებულებების მიმართ არ ქმნის და მეტიც, არავის აძალებს მათზე უარის თქმას.
უწყება აზუსტებს, რომ კონვენცია მხოლოდ ადგენს ფაქტს იმის თაობაზე, რომ ტრადიციები, კულტურა და რელიგია არ შეიძლება იყოს ქალთა მიმართ ძალადობის გამამართლებელი.
2010-2017 წლებში სომხეთში ქალთა მკვლელობის ათეულობით შემთხვევა დაფიქსირდა, ექსპერტები აცხადებენ, რომ სომხეთში ყოველი მეხუთე ქალი მუდმივი ძალადობის მსხვერპლია.
კონვენციის რატიფიცირების მოწინააღმდეგეებს შორის გამოკვეთილი სახეები ჩანან. მათ შორის განსაკუთრებულად აქტიურობს პარტია „სოციალური სამართლიანობის სახელით“, რომელსაც არმან გუკასიანი ხელმძღვანელობს. ამ პარტიის ირგვლივ შეკრებილი ადამიანები ორიოდე წლის წინ გამალებით იბრძოდნენ სომხეთში „ოჯახში ძალადობისა და მასთან ბრძოლის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგაც.
გუკასიანი და მასთან დაახლოებული პირები ღიად აკრიტიკებენ დასავლეთიდან მომდინარე დემოკრატიულ პროცესებს და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სომხეთის საზოგადოებამ რუსეთის ორბიტა არ დატოვოს. საინტერესოა, არიან კი ისინი თავიანთ მოსაზრებებში და ამ საქმიანობაში თავისუფალნი? თუ რაიმე სარგებელს იღებენ იმის მტკიცებით, რომ რუსეთი კავკასიის ერთადერთი ხსნაა, ოჯახში ძალადობა სომხეთში არ არსებობს, რუსი სამხედროები სომეხ მოქალაქეებს არ კლავენ? ამასთან დაკავშირებით სიმართლის დადგენა სხვადასხვა მნიშვნელოვანი და საყურადღებო ფაქტების მეშვეობით შეგვიძლია.
რუსულ ფულს „სუნი“ არა აქვს
დიდი ხანია, არმან გუკასიანი ამბობს, რომ დასავლეთიდან სომხეთში გადარიცხული გრანტები, რომლებიც სხვადასხვა რეფორმებსა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზეა გამიზნული, სინამდვილეში ხაფანგია. ეს ფინანსური დახმარება სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების ეფექტურად ამუშავებას კი არ ისახავს მიზნად, არამედ არსებული ღირებულებების დაკნინებას და ერის დეგრადირებას იწვევს.
რუსეთიდან მიღებულ ფულთან მიმართებაში მას სულ სხვა და გასაკვირად საპირისპირო განწყობა აქვს. ირკვევა, რომ ის და მისი პარტნიორი ორგანიზაციები მშვენივრად საზრდოობენ რუსული გრანტებისა და ფინანსური რესურსების გამოყენებით. ასევე, არმან გუკასიანი და პარტიაში მისი მოადგილე ცოვინარ კოსტანიანი ხშირად აქვეყნებენ ფოტოსურათებს რუსეთის ელჩებთან, ცნობილ რუს პოლიტიკოსებთან, მათ შორის ვლადიმერ ჟირინოვსკისთან და სხვა. არმან გუკასიანი და ცოვინარ კოსტანიანი „სპუტნიკ არმენიას“ მუდმივი, შეუცვლელი და ღვაწლმოსილი რესპოდენტები არიან. მათ ადგილობრივი „სპუტნიკი“ სომხეთის საზოგადო მოღვაწეებად წარადგენს ხოლმე და ყოველთვის ეკითხება აზრს იმ თემებზე, რომლებიც რუსეთისთვის „მტკივნეულ“ ასპექტებს ეხება.
არმან გუკასიანს თბილი ურთიერთობა აქვს რუსეთის მოქალაქესთან და ცნობილ პოსტკომუნისტ იდეოლოგ სერგეი კურგინიანთან. ის პუტინთან დაახლოებული პირია. 2014 წელს, დონეცკთან „ბუკით“ მალაიზიის „ბოინგის“ ჩამოგდებამდე ორიოდე კვირით ადრე კურგინიანი ამბობდა, რომ „ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოებას ის პირები წარმოადგენენ, რომლებიც „ბუკებს“ არემონტებენ“.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, უცხო ქვეყნებთან რეგიონალური და კულტურული კავშირების სამმართველო (IჩთFჩ) 2019 წლის მარტის ბოლოს რეგულარულ ფინანსურ დახმარებას უწევდა გუკასიანს, რაც სავარაუდოდ ხმარდებოდა ასევე მის ორგანიზაციას „ხალხის ხმა“ და საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციას „ჰუმანიტარული განვითარებისთვის“. ეს თანხები გამოყენებულ იქნა პარტია „სოციალური სამართლიანობის სახელით“ განვითარებისთვის საჭირო აქტივობებისთვისაც. ასევე, ბოლო თვეებში გუკასიანი აქტიურად ცდილობდა თანამშრომლობას რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან და 2019 წლის მარტის ბოლოს მიაღწია შეხვედრას სომხეთში რუსეთის ელჩ სერგეი კოპირკინთან. ეს შეხვედრა IჩთFჩ-მ მოაწყო. ასევე, შეხვედრაში მონაწილეობა კვლევითი-ანალიტიკური ორგანიზაცია ,,ინტეგრაციისა და განვითარების’’ დირექტორმა არამ საფარიანმა მიიღო. მისი ორგანიზაცია დიდი ხანია მოიაზრებს IჩთFჩ-ს, როგორც სომხეთში პოტენციური ,,რბილი ძალის’’ გამტარებელ პარტნიორს.
საფარიანი ასევე ევრაზიული საექსპერტო კლუბის კოორდინატორია. ის თვლის, რომ რუსეთი სომხეთის მთავარი და ერთადერთი სტრატეგიული პარტნიორია ყველა სფეროში და ახალმა ხელისუფლებამ მოსკოვთან ურთიერთობა კიდევ უფრო უნდა გააღრმავოს. საფარიანი დარწმუნებულია, რომ „რუსულ-სომხური სამხედრო თანამშრომლობა სომხეთის უსაფრთხოების კარკასია“.
ამას გარდა, „რუსულ“ შეხვედრას დაესწრო საინფორმაციო და ანალიტიკური ცენტრ “ლუის”-ის ხელმძღვანელი აიკ აივაზიანიც, რომელსაც IჩთFჩ-ი სომხეთში სანდო პრორუსულ ,,რუპორად’’ აღიქვამდა. სომხეთის ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით დგინდება, რომ წლების წინაც საინფორმაციო-ანალიტიკურმა ცენტრმა „ლუის“-მა გრანტისთვის მიმართა გორჩაკოვის სახელობის რუსულ ფონდს, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი უშუალოდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვია. ფონდი 2012 წელს დიმიტრი მედვედევის ბრძანებით შეიქმნა და რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
კიდევ რა თემებზე “მუშაობენ“ გუკასიანი, კოსტანიანი და სხვები
2019 წლის თებერვალში არმან გუკასიანმა და ცოვინარ კოსტანიანმა სოციოლოგიური კვლევა ჩაატარეს. შეეცადნენ დაემტკიცებინათ, რომ ერევნის და გიუმრის მაცხოვრებლები რუსული სამხედრო ბაზის არსებობას სომხეთის ტერიტორიაზე მიესალმებიან. 1.200 ადამიანი გამოკითხეს და დაადგინეს, რომ აქედან 58% პოზიტიურად არის განწყობილი 102-ე ბაზის მიმართ.
და ეს იმ დროს, როცა სომხეთში რუსი სამხედროების ყოფნის საწინააღმდეგო აქციები მძვინვარებდა. გუკასიანმა თემის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ავეტისიანების ოჯახის ტრაგედია საყოფაცხოვრებო ხასიათის ინციდენტი და უბრალოდ უბედური შემთხვევა იყო, ხოლო გარკვეული ძალები ამის გამოყენებას ხალხის „ასაბუნტად“ ცდილობენ. მისი აზრით, რუსი სამხედროებისგან სომეხ ხალხს არანაირი საფრთხე არ ელის. არადა, რეალურად ხალხის აღშფოთება და პროტესტები არა „საყოფაცხოვრებო ხასიათის ინციდენტმა“, არამედ რუსი სამხედროების მუდმივმა თავგასულობამ და სისასტიკემ გამოიწვია.
ჯერ კიდევ 2015 წელს რუსმა სამხედრომ, ვალერი პერმიაკოვმა, ავეტისიანების ოჯახის 7 წევრი მოკლა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვიც იყო. 2018 წლის დეკემბერში კი 57 წლის ჯულიეტა გუკასიანს, რომელიც გიუმრის ქუჩებს გვიდა, ზურგიდან თავს დაესხნენ და სასიკვდილოდ სცემეს. გარდაცვალებამდე მან იმის თქმა მოასწრო, თუ ვინ იყო თავდამსხმელი.
რა თქმა უნდა, მკვლელები რუსეთმა დაიცვა. წელს კი ბაზაზე დისლოცირებულმა სამხედროებმა სოფელ პანიკის მიმართულებით, მოულოდნელად სროლა ატეხეს. მოგვიანებით „გაირკვა“, რომ ეს უბრალოდ სამხედრო სწავლება იყო, თუმცა მოსახლეობის წინასწარ გაფრთხილება თავში აზრადაც არავის მოსვლია, ამიტომ შეშინებული მოსახლეობა სრულ კოშმარში აღმოჩნდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, გუკასიანი და კოსტანიანი ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ხალხი ბედნიერია რუსული ბაზის არსებობით.
„ხალხის ხმის“ მეორე ექსპერტი და პარტიაში „სოციალური სამართლიანობის სახელით“ მეორე პირი, რომელიც საკმაოდ ხშირად გამოდის ანტიდასავლური განცხადებებით, ცოვინარ კოსტანიანია. როგორც ირკვევა, IჩთFჩ-ს მიერ დაფინანსებული ქმედებების კოორდინირებას გუკასიანი სწორედ მასთან ახდენს.
როგორც მის ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში ვკითხულობთ, მან თურმე მეზობელი ქვეყნების გამოცდილება გამოიკვლია და დაასკვნა, რომ საქართველოში აშენებულ ლუგარის სახელობის ლაბორატორიაზე იმდენად დიდი თანხა იყო დახარჯული, რომ ეს მასში, ანუ ცოვინარში, დიდ ეჭვებს აღძრავს. ქალბატონი ცოვინარი აღშფოთებული იყო მსგავსი ლაბორატორიის არსებობით სომხეთშიც და სიტყვა სიტყვით იმეორებდა იმ რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივს, რომელსაც ლუგარის ლაბორატორიების არსებობის ბოლო წლებში ასე ტირაჟირებენ კრემლი და მისი დეზინფორმაციული მანქანის ჭანჭიკები. ქალბატონ ცოვინარს ასევე არ მოსწონს ის კანონპროექტები, რომლებსაც სომხეთის მთავრობა ბოლო წლებში იღებს. მის მიერ დაწუნებულ კანონპროექტს შორის, 2017 წლის 30 დეკემბერს სომხეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ის კანონიც აღმოჩნდა, რომელიც ოჯახში ძალადობის აღმოფხვრისა და ძალადობის მსხვერპლთა დახმარებას ისახავდა მიზნად.
საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრ „ლუის“-ის ხელმძღვანელი აიკ აივაზიანი ასევე, არა ერთი წელია, სომხეთში დასავლური გავლენების წინააღმდეგ ხისტად გამოდის. ერთ-ერთი მრგვალი მაგიდის გამართვისას მან განაცხადა:
– ის სხვადასხვა კანონპროექტები, რომლებსაც ევროკავშირი სომხეთს თავს ახვევს (დისკრიმინაციის, ოჯახის კოდექსში შესწორებები, სისხლის სამართლის კოდექსის ახალი პროექტი, ბავშვთა უფლებების დაცვის, დასაქმებულთა უფლებების შესახებ კანონები) კიდევ ერთხელ აჩვენებს მოსახლეობას, რომ ევროკავშირი წარმოადგენს სტრუქტურას, რომელიც ცდილობს, სომხების ტრადიციული ღირებულებები შეცვალოს, დაანგრიოს ოჯახები.
მარტო ამ წინადადების წაკითხვის მერე ხდება გასაგები, თუ რა დავალებები შეიძლება ჰქონდეს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას.
სხვათა შორის, ამავე მრგვალი მაგიდის ფარგლებში მთავარი განსახილველი თემა იყო „საერთაშორისო სტრუქტურების და ფონდების დესტრუქციული საქმიანობა სომხეთში“.
ჩამოთვლილი პირების განცხადებების და მათი მოსაზრებების გაცნობის შემდეგ რჩება მკაფიო შთაბეჭდილება, რომ მათი ერთადერთი მიზანია არა „სოციალური სამართლიანობის“ დაცვა, სომხეთისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებების დაცვა ან ხელისუფლების ჯანსაღი კრიტიკა, არამედ ყველა იმ პოლიტიკური ძვრისა თუ დემოკრატიული რეფორმისთვის სახელის შებღალვა, რომელიც რუსულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.
დღეისთვის, სომხეთში კვლავ ძალიან საყურადღებო პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესები მიმდინარეობს; აღსანიშნავია ისიც, რომ სომხეთი ერთადერთი ქვეყანაა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში, რომელმაც ევროკავშირთან პარტნიორობის გაფართოებაზე შეთანხმებას მოაწერა ხელი.
„ხავერდოვანმა რევოლუციამ“, რომელიც სომხეთში 2018 წლის გაზაფხულზე მოხდა, სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების ახალი, საკმაოდ ამბიციური პერსპექტივები გაუხსნა, რომელთა შეფერხებაც მხოლოდ ერთადერთ სახელმწიფოს და მის მიერ ადვილად მანიპულირებად პირებს სურთ.
წყარო: ახალი თაობა