თინა ხიდაშელი: რუსეთის ამოცანა მარტივია – თავში წამორტყმის პოლიტიკით აჩვენებს, რომ როგორც უნდა, ისე მოიქცევა
არ ველოდები ფართომასშტაბიან დაძაბულობას. ეს თავად რუსეთს არ აძლევს ხელს, არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ სადმე ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები წამოიწყოს – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში საუბრობს.
ჟურნალისტი ინტერესდება, რას ფიქრობს ხიდაშელი – ჩორჩანას მოვლენების შემდგომ, რუსეთთან დაძაბულობა ხომ არ არის მოსალოდნელი.
“არ ველოდები ფართომასშტაბიან დაძაბულობას. ეს თავად რუსეთს არ აძლევს ხელს, არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ სადმე ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები წამოიწყოს. მას ისედაც დიდი პრობლემები აქვს ყირიმში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და უფრო მეტად სირიის ფრონტზე. დასავლეთთან მორიგი კონფრონტაცია ნამდვილად არ აწყობს. მისი ამოცანა მარტივია – თავში წამორტყმის პოლიტიკით აჩვენებს, რომ იქ არის და როგორც უნდა, ისე მოიქცევა. მის თავზე ხელაღებულ მოქმედებებს ქმედით წინააღმდეგობას ვერავინ უწევს”, – აცხადებს თინა ხიდაშელი.
ამასთან, თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ “ქართულ სახელმწიფოს ახლა სჭირდება დამოუკიდებელი, აგრესიული საგარეო პოლიტიკა”.