გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო – ვიდეო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანკარის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს დელეგაციას თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი აჰმეთ არსლანი დახვდა.
აჰმეთ არსლანის განცხადებით, თურქეთის ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს და მას რეგიონში სტაბილურობის კუთხით განიხილავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის სახელმწიფოს და თურქ ხალხს მშვიდობა და სტაბილურობა უსურვა და კიდევ ერთხელ გამოხატა სამძიმარი თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს გარდაცვლილთა გამო.
ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი შეხვედრას გამართავს თურქეთის პრემიერ-მინისტრთან, ბინალი ილდირიმთან. დაგეგმილია შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ისმაილ ქაჰრამანთან. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი შეხვედრა, რომლის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერება საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები