თბილისში “მარშუტკის” მძღოლს „ხლაპუშკა“ აუფეთქეს – მამაკაცმა თვალი დაკარგა
თბილისში, სამარშუტო ტაქსის მძღოლმა ასაფეთქებელი ნივთიერების აფეთქების შედეგად თვალი დაკარგა. შემთხვევა გუშინ შუადღეს, დაახლოებით სამი საათისთვის მოხდა.
როგორც „კვირას“ ერთ-ერთმა თვითმხილველმა მარიამ ბობოხიძემ განუცხადა, გუშინ, დაახლოებით 15:00 საათისთვის ვორონცოვის მოედანზე, N 198 სამარშუტო ტაქსი ორმა ახალგაზრდამ გააჩერა. ერთ-ერთმა მძღოლს ჰკითხა, კონკრეტულ უბანს თუ გაივლიდა, ამასობაში კი მეორემ მძღოლის მიმართულებით ე. წ „ხლაპუშკა“ ისროლა.
მისივე თქმით, მძღოლმა ერთი ასაფეთქებლის მოგერიება მოახერხა, მეორე კი სახესთან აუფეთქდა, შედეგად თვალი დაკარგა და სახე დაუზიანდა.
„არ ვიცი ეს რა ხუმრობა იყო. სამარშუტო ტაქსი გააჩერეს. ერთ-ერთმა მძღოლს ჰკითხა საბურთალომდე თუ მიდისო, ამაოსობაში მეორემ ასაფეთქებელი მძღოლის მიმართულებით ისროლა. ორი ახალგაზრდა კი მაშინვე გაიქცა. საპატრულო პოლიციამ თითქმის ყველა მგზავრი დაკითხა“, – განაცხადა ბობოხიძემ.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ კომპანია “თბილისის მიკროავტობუსში“ დაუდასტურეს.