რუმინეთის სამთავრობო დელეგაციამ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

  რუმინეთის სამთავრობო დელეგაციამ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ პონტას ხელმძღვანელობით, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
შესრულდა რუმინეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები. ცერემონიაში საპატიო ყარაული მონაწილეობდა.
პრემიერ-მინისტრის პრესამსახურის ცნობით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღესვე დელეგაციის წევრები მცხეთაში ჯვრის მონასტერსა და სვეტიცხოველს დაათვალიერებენ, რის შემდეგაც თბილისში, ეროვნულ მუზეუმს ესტუმრებიან.
დღის მეორე ნახევარში, საქართველოსა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრები საქართველო-რუმინეთის სარაგბო მატჩს დაესწრებიან, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ რუმინეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ პონტა, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით საქართველოს 14 მარტს ესტუმრა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან რუმინეთის საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრები, პარლამენტის წევრები, პრემიერ-მინისტრის მრჩევლები და რუმინეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მთავრობის წევრებთან, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. რუმინეთის სამთავრობო დელეგაცია თბილისს დღეს დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები