ზურაბ აბაშიძე ოპონენტებს მესამე კლასის სახელმძღვანელოების ყიდვას ურჩევს
პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე ოპონენტებს მესამე კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელოების ყიდვას ურჩევს. აღნიშნული განცხადება აბაშიძემ ევრაზიულ კონტინეტთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” ამბასადორიალის დაწყებამდე განუცხადა.
“ევრაზიულ კონტინენტს რაც შეეხება, თუ ჩვენმა რომელიმე ოპონენტმა ვერ გაიგო, რას გულისხმობდა გიორგი კვირიკაშვილი, აუცილებლად უნდა იყიდოს მესამე კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელო. იქ ძალიან კარგად არის დახატული, რას წარმოადგენს ევრაზიული კონტინენტი. ისე, წინდაწინ გავამხელ საიდუმლოს, ევრაზიული კონტინენტი შედგება ევროპისგან და აზიისგან”, – განაცხადა აბაშიძემ.
მისივე განმარტებით, ევრაზიული კონტინენტი არის ერთი რამ, ევრაზიულ კონტინენტზე არის უამრავი საერთაშირისო, რეგიონალური თუ სხვა სახის ორგანიზაცია. “თუ რაღაც ვერ გაიგეს, ძალიან ლამაზად არის ეს დახატული მესამე კლასის სახელმძღვანელოში”, – განაცხადა აბაშიძემ.