“საქართველოს ხელისუფლება სწორად იქცევა, როცა აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს პოლიტიკურ შეფასებებს არ აძლევს, ეს თავის ქვაბში უნდა დაღვინდეს, თვითონ აფხაზური საზოგადოება მივიდეს იმ დასკვნამდე, თუ როდემდე შეიძლება ასეთი ცხოვრება” – ვახტანგ ყოლბაია

“ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლება სწორად იქცევა, როცა აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს პოლიტიკურ შეფასებებს არ აძლევს, იმიტომ, რომ ეს უნდა მოიხარშოს, თავის ქვაბში უნდა დაღვინდეს და თვითონ აფხაზური საზოგადოება მივიდეს იმ დასკვნამდე, თუ როდემდე შეიძლება ასეთი ცხოვრება“,- ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ვახტანგ ყოლბაიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ყოლბაია ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

„ამ ხალხს უნდა ე.წ. დამოუკიდებლობა, რისთვისაც ის მართლა დიდი ხანია ოცნებობს. მაგრამ იმავდროულად არ ითვალისწინებენ იმას, რომ ამ დამოუკიდებლობისთვის საჭიროა ძალიან ბევრი რამ, რესურსები, მათ შორის: მატერიალური, ფინანსური, ადამიანური და პოლიტიკური. არცერთი მათგანი აფხაზეთს არ გააჩნია. პოლიტიკური ამბიციები უფრო მეტია, ვიდრე შესაძლებლობები და ამას ვერ ითვალისწინებენ. ზოგიერთი რუსი ექსპერტი, რომელიც აანალიზებს ამ მოვლენებს, ამბობს, რომ აფხაზეთი იმ საუკუნეებში ჩარჩა, ვინაიდან ახალი გამოწვევები, რომელიც ახასიათებს თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებს (რისი პრეტენზიაც აფხაზებს აქვთ), ის რაც იწვევს სერიოზულ ცვლილებებს, რეფორმებს ეკონომიკაში, ამის გაგონებაც არ უნდათ და ამის გარეშე იმის აშენება, რაზეც ოცნებობენ, არ გამოუვათ.

საკმაოდ რთული ვითარებაა აფხაზეთში. აფხაზეთში უმრავლესობაში ანტირუსული განწყობა არაა. ისინი, ვინც ოპოზიციაში მოიაზრება, ხმამაღლა ამბობენ, ჩვენ არ ვართ ანტირუსული განწყობებისო. ბჟანია პირიქით ამბობს, ეს ხალხი, ე.წ. ოპოზიცია ანტირუსული განწყობითაა, იმიტომ არ აკეთებენ რატიფიცირებასო.

აფხაზეთში კლანური სისტემა ყოველთვის არსებობდა და ახლა გამოიკვეთნენ ამბიციური პოლიტიკური ლიდერები. ზოგი მოსკოვში მუშაობს, ზოგმა უცხოეთში რაღაც სასწავლებელი დაამთავრა, ზოგი ამ სიტუაციაში იქ მოიხარშა. მთავარი თეზისი, რომელიც ამ კლანურ ჯგუფებს აქვთ, ეს ანტიქართული ნარატივია. ამბობდნენ – ეს კანონი თუ მივიღეთ, ქართველები აქ მოვლენო.
იქ ვინც არ უნდა მოვიდეს, ყველა მოსკოვის იქნება. არ არსებობს, იქ ვინმე ანტირუსული მოვიდეს. თუმცა, არის საზოგადოებაში, ჯერ კიდევ არამკვეთრად, მაგრამ არსებული ძალა, რომელსაც გათავისებული აქვს, რა მოჰყვება რუსეთის ამ პოლიტიკას აფხაზებისა და აფხაზეთისთვის. სამწუხაროდ, ისინი ამაზე ხმამაღლა ვერ ლაპარაკობენ, მათ უნდა გავუგოთ.

არავითარი ზედმეტი მოქმედებები თბილისის მხრიდან, მით უმეტეს, პოლიტიკური, არ უნდა იყოს. ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლება სწორად იქცევა, როცა, პრაქტიკულად, ამას პოლიტიკურ შეფასებებს არ აძლევს, იმიტომ, რომ ეს უნდა მოიხარშოს, თავის ქვაბში უნდა დაღვინდეს და თვითონ აფხაზური საზოგადოება მივიდეს იმ დასკვნამდე, თუ როდემდე შეიძლება ასეთი ცხოვრება“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში არეულობა და დაძაბული ვითარებაა. სოხუმში რამდენიმე დღეა ე.წ. ოპოზიციის და მისი მხარდამჭერების საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ისინი დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომას ითხოვენ და სოხუმში „სამთავრობო“ შენობების კომპლექსი აქვთ დაკავებული. ბჟანიას გადადგომის მოთხოვნას წინ უძღოდა ოპოზიციის პროტესტი რუსული საინვესტიციო პროექტების შესახებ ე.წ. შეთანხმების გამო. 15 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტთან ვითარება დაიძაბა. აქციის მონაწილეები რუსეთთან საინვესტიციო პროექტების ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციას ეწინააღმდეგებოდნენ. მომიტინგეები ე.წ. პარლამენტის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და შენობას ალყა შემოარტყეს. 15 ნოემბერს დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების პროექტს გაიწვევს. “მსგავსი გადაწყვეტილება რესპუბლიკაში ვითარების სტაბილიზებისთვის იქნა მიღებული“, – ნათქვამია განცხადებაში. 16 ნოემბრის ინფორმაციით, ე .წ. პარლამენტიდან რუსეთთან საინვესტიციო პროექტების ე.წ. შეთანხმების გაწვევის შესახებ დოკუმენტზე ასლან ბჟანიას ხელი არ მოუწერია.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები