“25 ნოემბერს ახალი პარლამენტი შეიკრიბება და ქართველი ხალხის არჩევანის ლეგიტიმაციას ცნობს” – ქადაგიშვილი
“რადიკალური ოპოზიციისთვის დამახასიათებელი პროვოკაცია მათ საკუთრებად დარჩება, 25 ნოემბერს კი ახალი პარლამენტი შეიკრიბება და ქართველი ხალხის არჩევანის ლეგიტიმაციას ცნობს”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
დეპუტატმა მიმდინარე აქცია “პროვოკაციად” შეაფასა.
„ამას აქცია არ ჰქვია, ეს პროვოკაციაა, მაგრამ რადიკალური ოპოზიციისთვის დამახასიათებელი პროვოკაცია ოპოზიციის საკუთრებად დარჩება, 25 ნოემბერს კი, ახალი პარლამენტი შეიკრიბება და ქართველი ხალხის არჩევანის ლეგიტიმაციას ცნობს. ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციას ის ძალა აქვს, რომ იბილწება ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი, უნივერსიტეტის ბაღი, სადაც ილეწება სკამები და შემდეგ ცეცხლის დასანთებად იყენებენ. ამ ევროპული გამზირის, ჭავჭავაძის გამზირის ლიბერალური ფაშიზმიზაცია ხდება. ეს ყველაფერი, პირველ რიგში, მოსახლეობამ და მათმა ამომრჩეველმა უნდა შეაფასოს. 1988 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, აქციებს ჩვენც ვატარებდით, მათ შორის პარლამენტის წინ ღამის თევით და იქ ნასვამ მდგომარეობაში ერთი ადამიანიც არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, ნათელია, რასთან გვაქვს საქმე. საქმე გვაქვს არა პატრიოტიზმთან, არამედ პროვოკატორებთან“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.