“დღეს აქვთ ბოლო გაფართხალება, რათა გარე პატრონებს დაუმტკიცონ, რომ რაღაც შეუძლიათ და არ შეუწყვიტონ დაფინანსებები” – ლევან მაჭავარიანი
“აქვთ სრული მობილიზება გამოცხადებული რეგიონებში, სოფლებში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სადაც კი ყველაზე ერთგული მომხრეები ჰყავთ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა დღევანდელ საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა.
“აბსოლუტურად ყველას ჩამოყვანას აპირებენ, მთელი საქართველოდან. მაინც, არ მგონია, მაინცდამაინც შთამბეჭდავი ციფრი იყოს იმ ადამიანების, რომლებიც დღეს შეიკრიბებიან, უბრალოდ, სრული მობილიზება აქვთ. კონკრეტული ინფორმაციაც გვაქვს, რომ ფულსაც უხდიან, რაღაც 20-25 ლარზე არის საუბარი. კონკრეტულ ინფორმაციას ვფლობთ ჩვენ ამასთან დაკავშირებით. ამას აკეთებენ იქიდან გამომდინარე, რომ მათმა უცხოელმა უფროსებმა უკვე ძალიან სერიოზულად დაუქნიეს თითი იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერში მოგეხმარეთო, წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩვენ ჩავატარეთო, პოსტსაარჩევნო მესიჯბოქსში ჩვენ გეხმარებოდითო, დაფინანსება ჩვენგან გაქვთო და ამის მიუხედავად არჩევნები ძალიან დიდი ანგარიშით წააგეთო და თქვენ იმის შნოც არ გაქვთ, რომ ხალხი შეკრიბოთ საპროტესტო აქციებზეო. შესაბამისად, დღეს აქვთ ბოლო გაფართხალება იმასთან დაკავშირებით, რომ გარე პატრონებს დაუმტკიცონ, რაღაც შეუძლიათ და არ შეუწყვიტონ რაღაც დაფინანსებები და ა.შ. თუმცა ეს ყველაფერი მათთვის ძალიან ცუდი შედეგებით დასრულდება”, – განაცხადა მაჭავარიანმა.
დღეს, 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე მორიგი საპროტესტო აქციაა დაანონსებული.