“ურყევად და მტკიცედ მივუყვებით ნატოს გზას, მაგრამ ასევე ვცდილობთ, განვავითაროთ სხვა ურთიერთობები”

ჩვენი მთავარი ამოცანის შესრულება, რაც ევროინტეგრაციას და ნატოსკენ მისწრაფებას გულისხმობს, ძალაში რჩება, თუმცა ამის პარალელურად უნდა გავაგრძელოთ და გავაღრმავოთ ურთიერთობები სხვა ქვეყნებთანაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში მიმდინარე ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი ამოცანის შესრულება, რაც ევროინტეგრაციას და ნატოსკენ მისწრაფებას გულისხმობს, ძალაში რჩება, თუმცა ამის პარალელურად უნდა გავაგრძელოთ და გავაღრმავოთ ურთიერთობები ჩინეთთან, აზიის ქვეყნებთან, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან. მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი მიმართულება, რომელიც უნდა განვიხილოთ”, – აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, აღნიშნულზე მუშაობა საქართველოს იმ მთავარი ამოცანის პარალელურად მოხდება, რასაც ევროინტეგრაცია ჰქვია.

“ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო პერიოდი. ბოლო ორი წლის განმავლობაში სერიოზულ წინსვლას და წარმატებას მივაღწიეთ – გასულ წელს ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას. მინდა გითხრათ, რომ პირადად ვაკონტროლებ იმპლემენტაციის პროცესს: შექმნილი გვაქვს სახელმწიფო კომისია, რომლის თავმჯდომარეც მე გახლავართ. ასევე, სერიოზული წინსვლა გვაქვს ნატოსთან ურთიერთობის ნაწილში. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღის წინ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული იყო ალიანსის გენერალური მდივანი, რომელთან ერთადაც გავხსენით ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილია ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ურყევად და მტკიცედ მივუყვებით ამ გზას, მაგრამ ასევე ვცდილობთ, განვავითაროთ სხვა ურთიერთობები”,- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები