თამარ ბერუჩაშვილი პოსტის დატოვების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს
ბევრი შემოთავაზება მაქვს და განვიხილავ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა “ტელეიმედს” განუცხადა. მისივე თქმით, არაფერი დრამატული არ მომხდარა.
“თქვენ იცით ჩემი კარიერა, ჩემი პრიორიტეტები, ჩემი პროფესიული გზა. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რაც წაადგება საქართველოს და მის ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს. ეს არის ჩემი პრიორიტეტი, რომელსაც ვემსახურები 25 წელი. დანარჩენს მოვლენები გვიჩვენებს. არაფერი დრამატული არ არის, ამას უნდა შევხედოთ საღი თვალით”, – აღნიშნა ბერუჩაშვილმა.
კითხვაზე, დარჩება თუ არა ის საგარეო უწყებაში, თამარ ბერუჩაშვილი აცხადებს: – “მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ”.
შეგახსენებთ, რომ მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ახალი მინისტრები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი გიორგი კვირიკაშვილმა შეცვალა.
რაც შეეხება იმას, თუ სად გააგრძელებს საქმიანობას თამარ ბერუჩაშვილი, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამას გიორგი კვირიკაშვილი გადაწყვეტს.