„ინგა გრიგოლია ფენიქსია და აუცილებლად გავა ეთერში“
ტელეკომპანია „იმედის“ მიერ პოლიტიკური ტოქშოუების დახურვის საკითხს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ნუკრი ქანთარია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა. დეპუტატის განცხადებით, როდესაც ტელეკომპანია მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს, ალბათ სასურველია, რომ ეს ჯერ ამ გადაცემის წამყვანებმა და გუნდმა გაიგოს და მხოლოდ შემდეგ გახდეს საზოგადოებისათვის ცნობილი.
რაც შეეხება ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას საქმიანობას, ქანთარია გრიგოლიას ეთერში მალე დაბრუნებას ვარაუდობს.
„ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უმთავრესი, რაც მოხდა, ეს არის ის, რომ ხელისუფლების საქმე აღარ არის, რომელი კერძო ტელეკომპანია რას გააკეთებს. ხელისუფლების საქმე აღარ არის, რომელ გადაცემას დახურავს, რომელ წამყვანს მიიწვევს და როგორ მოიქცევა. ერთადერთი გეტყვით, რომ ჩემი სურვილია, როდესაც ტელეკომპანია მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს, ალბათ სასურველია, ეს ჯერ ამ გადაცემის წამყვანებმა და გუნდმა გაიგოს და მხოლოდ შემდეგ გახდეს საზოგადოებისათვის ცნობილი. დანარჩენი ეს მათი საქმეა, გამოჩნდება, რამდენად შედეგიანი იქნება მეორე გადაცემა. რაც შეეხება ინგა გრიგოლიას, ის ფენიქსია და აუცილებლად გავა ეთერში“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „იმედმა“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუების დახურვის შესახებ განცხადება გააკეთა.
„საშემოდგომო სატელევიზიო სეზონზე ტელეკომპანია „იმედი“ დროებით აჩერებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუების სეგმენტს. ამის მიზეზია ჩვენი სურვილი, შევცვალოთ არსებული გადაცემების ფორმატი და შევიმუშაოთ თვისობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტი, რომელსაც შევთავაზებთ მაყურებელს 2016 წლიდან. ამავე განცხადებაში დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ გადაცემების გუნდის წევრებს, რომელთაგან თითოეულს დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმედის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუების შექმნაში“,- აღნიშნულია ტელეკომპანიის განცხადებაში.