სად გააგრძელებს მუშაობას თამარ ბერუჩაშვილი
სად გააგრძელებს მუშაობას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, უწყების ახალმა ხელმძღვანელმა გიორგი კვირიკაშვილმა უნდა გადაწყვიტოს. აღნიშნული დავალება პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მისცა. ირაკლი ღარიბაშვილმა ბერუჩაშვილს გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა.
“მადლობა მინდა გადავუხადო თამარ ბერუჩაშვილს, რომელიც არის თავისი საქმის პროფესიონალი. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მან გასწია სამუშაოები, რომლისთვისაც მე, როგორც მთავრობის მეთაური, მადლობას ვუხდი. ეს იყო წარმატებული თანამშრომლობის პერიოდი. მე მინდა, რომ გიორგი კვირიკაშვილმა, ახალმა მინისტრმა გადაწყვიტოს, თუ სად გააგრძელებს მუშაობას ქალბატონი თამარი”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ახალი მინისტრები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი უკვე ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეცვალა. ღარიბაშვილმა ეკონომიკის ახალ მინისტრად თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი დაასახელა. დღევანდელი ცვლილებების გამო, პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება საჭირო არ არის.