საქართველოს მთავრობა მიესალმება მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის, TAV Airports Holding-ის ინვესტიციებს საქართველოში და მასთან შეთანხმების განახლებული ვერსიის ხელმოწერას, რაც ორწლიანი წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად გახდა შესაძლებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა TAV Airports Holding-ის პრეზიდენტ სანი შენერთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდგომი განვითარება, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და ტერმინალის რეაბილიტაცია, საუბრის მთავარი თემები იყო.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება.
საქართველოს მთავრობის ორწლიანი ნაყოფიერი მუშაობის შედეგად, წამყვანი იურიდიული კომპანიების ჩართულობით, TAV Airports Holding-თან ხელი მოეწერა საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით შედგენილ ხელშეკრულებას, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი სამუშაოები, რომელიც TAV Airports Holding-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უნდა შეასრულოს. TAV Georgia საქართველოში ინვესტირებას განაგრძობს, ხოლო აეროპორტის ოპერირების ვადა, კომპანიას 2027 წლამდე განესაზღვრა.