„მაშინ, როცა სასტუმროს მეპატრონე დაკარგულ ქონებას მისტირის, ჩვენ სამი, ანგელოზივით ბავშვი უნდა დავკრძალოთ“

მე პირობა მივეცი მშობლებს, რომ აუცილებლად ჩატარდება ობიექტური გამოძიება, რათა დადგინდეს ტრაგედიის რეალური მიზეზები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს რუსთავში განუცხადა, სადაც ქობულეთში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახებს მიუსამძიმრა.
პანაშვიდს ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში მთავრობის მეთაური მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაესწრო.
„მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ გარდაცვლილი ბავშვების ოჯახებს. სიტყვები არ მყოფნის და არ ვიცი, როგორ გადმოვცე ის მწუხარება, რამაც ყველა შეგვძრა. ეს არის ტრაგედია თითოეული ჩვენგანისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ყველას, მათ შორის სასტუმროს მეპატრონეს, სპეკულაციური განცხადებების გაკეთებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.
„მაშინ, როდესაც სასტუმროს მეპატრონე დაკარგულ ქონებას მისტირის, ჩვენ სამი, ანგელოზივით ბავშვი უნდა დავკრძალოთ. დასკვნები უნდა გაკეთდეს გამოძიების დასრულების შემდეგ“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. პრემიერმა ჟურნალისტებთან კონტროლის მექანიზმებისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრების შესახებაც ისაუბრა. საქართველოს პრემიერის თქმით, აუცილებელია, რომ გამკაცრდეს კონტროლი სასტუმროებში არსებულ უსაფრთხოების ნორმებზე და შემოღებული იქნას სპეციალური რეგულაციები, რომლებიც წინა ხელისუფლების პერიოდში გაუქმდა.
“მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავამკაცროთ კონტროლი, იგივე რეგულაციები, რომელიც, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში აღარ არსებობდა, ეს იყო სააკაშვილის დროიდან, მათ გააუქმეს რეგულაციები, აღარ არსებობს არც სახანძრო სისტემის რეგულაციები, პრაქტიკულად მორღვეულია ყველაფერი. რა თქმა უნდა, ამას ჩვენ ერთ დღეში და ორ დღეში ვერ აღვადგენდით, მაგრამ საჭიროა, რომ გამკაცრდეს კონტროლი სასტუმროებში და ყველგან, ასევე იგივე ჯგუფების გამგზავრებისას უნდა იყოს მკაცრი კონტროლი ამ მიმართულებით და ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები