რატი იონათამიშვილი: გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს და ოპოზიციას მოუწევს, პირველ რიგში საკუთარ ამომრჩეველთან აღიაროს, თუ რა დონის სიცრუეს კადრულობდა ის მათ წინაშე
“გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს და ოპოზიციას მოუწევს, პირველ რიგში საკუთარ ამომრჩეველთან აღიაროს, თუ რა დონის სიცრუეს და ტყუილს კადრულობდა ის მათ წინაშე”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, რატი იონათამიშვილმა არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე მიმდინარე გამოძიებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი შეფასებით, გამოძიება გამჭვირვალედ მიმდინარეობს.
„დღეს უკვე ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გამოძიება საკმაოდ მაღალი სტანდარტით და გამჭვირვალედ მიმდინარეობს, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყოდით რადიკალურ ოპოზიციაზე, რომელიც ყველაზე გაუმჭვირვალეა, მათ შორის, საკუთარ ამომრჩეველთან, როდესაც გეგმასაც ვერ უზიარებს. მაგრამ რა უნდა გაუზიაროს. მათ არც მტკიცებულებები გააჩნიათ, არც გეგმა. თუ რამეა ყალბი დღეს ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ეს „ნაცური” ოპოზიცია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.