ბჟანია – “სოხუმის აეროპორტში ტექნიკური რეისების შესრულება დაიწყო”
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სოხუმის აეროპორტში ტექნიკური რეისები სრულდება,- ამის შესახებ სოხუმის დე ფაქტო ლიდერმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ინვესტორმა ობიექტის უწყვეტი ელექტრომომარაგება საკუთარი ხარჯებით შეძლო.
„მოიძიეს დენის ალტერნატიული წყარო, შეიძინეს 24 ტრანსფორმატორი, ახლა უნდა გაიყვანონ ახალი ხაზი, გაარემონტეს ორი ქვესადგური“, – განაცხადა ბჟანიამ.
მანამდე, 2023 წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტის აღდგენას შპს „ინფრასტრუქტურის დეველოპმენტი“ განახორციელებდა.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, ვინაიდან აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ორგანიზაციამ 2006 წლიდან გააუქმა აეროპორტის კოდი და მის შესახებ ინფორმაცია დოკუმენტებიდან ამოიღო.