გია ხუხაშვილი: აქციაზე 50 პროცენტი კუჭით და შიმშილით არის მისული

 „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის თანაორგანიზატორი ხელისუფლების უუნარობა იყო“, – ასე შეაფასა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა თავისუფლების მოედანზე გამართული საპროტესტო აქცია. როგორც „კვირას“ ხუხაშვილმა განუცხადა, აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაჟღერებული პრობლემები ქვეყანაში მართლაც არსებობს, თუმცა ზედმეტად დრამატიზირებულია.
„არც მიკვირს ეს განცხადებები, ყოველთვის ოპოზიცია, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობა“ პრობლემების დრამატიზირებას მაქსიმალურად ახდენს. თუმცა, არც იმის თქმა შეიძლება, რომ ქვეყანაში პრობლემები არ არის. ჭეშმარიტება ამ ქვეყანაში, როგორც წესი, შუაში რჩება. მხარეები – პოზიცია საერთოდ უარყოფს პრობლემებს, მეორენი კი პრობლემების ზედმეტად დრამატიზებას ახდენენ. სინამდვილეში არცთუ ისე დრამატულად არის საქმე, მაგრამ კარგადაც არ არის”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას.
ექსპერტმა აქციის მონაწილეებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თავისუფლების მოედანზე მისული საზოგადოების ნახევარი ხელისუფლების უმოქმედობამ მიიყვანა იქ. „აქციაზე მოსული ხალხი 50/50 ზეა. აქციის მონაწილეთა ნახევარი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებითაა მიყვანილი, ნახევარი კი, ხელისუფლების უკმაყოფილობის გამო მივიდა იქ. აქციის 50 პროცენტი არის კუჭით და შიმშილით მისული, რომლისთვისაც დემოკრატია, სამართლიანობის აღდგენა არ არის მთავარი პრიორიტეტი. მათთვის მთავარი პრიორიტეტი არის სიდუხჭირე. უფრო სწორად რომ ვთქვათ, დღევანდელი “ნაციონალური მოძრაობის“ აქციის თანაორგანიზატორი ხელისუფლების უუნარობა და უნიათობა იყო“, – ამბობს გია ხუხაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები