იაპონიის საელჩო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და რუსეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით იაპონიის საელჩო განცხადებას ავრცელებს და შეშფოთებას გამოხატავს.
“იაპონიის თანმიმდევრული პოზიციაა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში კონფლიქტების გადაწყვეტა მოხდეს მშვიდობიანი გზით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების სრული დაცვით და საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების პატივისცემით, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოსა და სრულიად სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის.
იაპონიის საელჩო გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა/სამხრეთ ოსეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმებულ ე.წ. “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულებასთან” დაკავშირებით. ისევე, როგორც გასულ წელს გააკეთა განცხადება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმებულ ე.წ. “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების” გაფორმებასთან დაკავშირებით. იაპონიის საელჩო კიდევ ერთხელ ადასტურებს იაპონიის მთავრობის ზემოთხსენებულ პოზიციას. იაპონია და საქართველო ეწინააღმდეგებიან საქართველოს საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების შეცვლის ნებისმიერ მცდელობას. ზემოხსენებული დებულებები თვალნათლივაა გამოხატული იაპონიისა და საქართველოს გასული წლის ოქტომბრის ერთობლივ განცხადებაში – “სოლიდარობა მშვიდობისა და დემოკრატიისათვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები