კანადა მოსკოვის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებებს არ აღიარებს

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის, რობ ნიკოლსონის განცხადებით, კანადა აგრძელებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც რობ ნიკოლსონი აცხადებს, კანადა არ აღიარებს მოსკოვის მიერ სამხრეთ ოსეთის უკანონო ხელისუფლებასთან 18 მარტს ხელმოწერილი “ხელშეკრულების” და ასევე აფხაზეთის უკანონო ხელისუფლებასთან 2014 წლის 24 ნოემბერს ხელმოწერილი ანალოგიური დოკუმენტის ლეგიტიმურობას ან კანონიერებას.
“უდავოა, რომ ამ ხელშეკრულებებს არანაირი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია და წარმოადგენს იმ უწყვეტი და მტაცებლური პოლიტიკის ნაწილს, რომელსაც რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ახორციელებს.
ეს ხელშეკრულებები, ორივე რეგიონში რუსეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო მანევრებთან ერთად, რუსეთის მადესტაბილიზებელი სტრატეგიის კიდევ ერთი დასტურია, რომლის მიზანია ძირი გამოუთხაროს მეზობელ სახელმწიფოებს უკანონო ოკუპაციისა და სეპარატისტული მოძრაობების მხარდაჭერის გზით. კანადა კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს გაიყვანოს საქართველოდან თავისი სამხედრო ნაწილები, უზრუნველყოს რეგიონთან ჰუმანიტარული წვდომა და სრულად შეასრულოს ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისა და 2008 წლის 8 სექტემბრის შეთანხმების პირობები.
კანადა აფასებს საქართველოსთან ურთიერთობას. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რაც 2014 წელს ნატო-ს უელსის სამიტზე დამტკიცებული ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის განხორციელებასაც გულისხმობს”, -განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები