„შეუძლებელია ნატოს რომელიმე რეგიონში შესვლამ რაიმე დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, ნატო სტაბილურობის გარანტია“
ექსპერტ კახა გოგოლაშვილის შეფასებით, საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნა უმნიშვნელოვანესია. როგორც გოგოლაშვილმა საინფორმაცო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ნატო სტაბილურობის გარანტია.
„ამ ცენტრის გახსნა, ისევე როგორც ჩვენი შეიარაღებული ძალების მონაწილეობა ალიანსის ოპერაციებში, უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ამ ცენტრის გახსნა მიზნად ისახავს იმას, რომ საქართველო უფრო მჭიდროდ დაუკავშირდეს ნატოს და ნატოში გაწევრიანებისთვის მეტი საფუძველი შექმნას. თუ ჩვენ გვინდა ნატოში გაწევრიანება, მაშინ ამ ცენტრის გახსნას ხელი უნდა შევუწყოთ. რაც შეეხება საფრთხეს, ნატო არ აპირებს არანაირ აგრესიას და არც განუხორციელებია არც ერთი აგრესიული ნაბიჯი თავისი დაარსების დღიდან. შეუძლებელია ჩავთვალოთ, რომ ნატოს რომელიმე რეგიონში შესვლა რაიმე დესტაბილიზაციას გამოიწვევს. პირიქით, ეს სწორედ სტაბილურობის გარანტია.იქ სადაც არის ნატო,ვითარდება დემოკრატია, სტაბილურობა, ადამიანის უფლებები, ეკონომიკა და ასე შემდეგ”. – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.