„ოკუპირებულ ცხინვალთან ხელშეკრულება ამცირებს შესაძლებლობებს, რომ საქართველომ ახლო მომავალში ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინოს“

ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ისაუბრა.
გოგოლაშვილის განმარტებით, ხელშეკრულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისათვის მნიშვნელოვნად დამაზიანებელია. მისი შეფასებით, რუსეთი ამ დოკუმენტის ფარგლებში იმოქმედებს ისე, რომ მისთვის მნიშვნელობა არ ექნება ამ ხელშეკრულებას აღიარებს თუ არა საერთაშორისო სამართალი.
„ეს ხელშეკრულება ამცირებს შესაძლებლობებს, რომ საქართველომ ახლო მომავალში თავისი ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინოს. ეს ხელშეკრულება ფაქტობრივად კვაზი სახელმწიფოს – სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებს, უშიშროებას და ძალოვან სტრუქტურებს აუქმებს და მათ ადგილას რუსული ჯარი და რუსული უსაფრთხოების სტრუქტურები შემოჰყავს. სასაზღვრო სტრუქტურები ასევე ემორჩილება უკვე რუსეთს. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთის სახელმწიფო საზღვარი გადმოდის საქართველოს ტერიტორიის შიგნით. არსად არ ჩანს, რომ ამ წარმონაქმნს – სამხრეთ ოსეთს იგივე უფლებები ექნება, როგორც რუსეთს. ამ დოკუმენტს აქვს იურიდიული ძალა, ოღონდ რუსეთისთვის. რუსეთის ფედერაია მას ცნობს, როგორც სამართლებრივ დოკუმენტს. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ძალა არ აქვს, თუმცა ამას პრაქტიკისთვის ნაკლები მნიშვნელობა აქვს, რადაგაც რუსეთი იმოქმედებს ისე, რომ ამას არავის შეეკითხება. ამ ხელშეკრულების თანახმად, დე ფაქტო რესპუბლიკაში ყველა ორგანო ხელფასს და დაფინანსებას რუსეთიდან მიიღებს.ისინი მთლიანად რუსეთზე ხდებიან დამოკიდებულნი “, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები