„საქართველოსა და რუსეთის პირველ პირებს შორის დიალოგი დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს“
„საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის პირველ პირთან მოლაპარაკება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს“,- აღნიშნული განცხადება პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა. ლორთქიფანიძის განცხადებით, მისი პარტიის ლიდერს ნინო ბურჯანაძეს ყველაზე მეტი რესურსი და ძალმოსილება გააჩნია რომ რუსეთის პირველ პირებთან მოლაპარაკება აწარმოოს, თუმცა რადგანაც ის ხელისუფლების წარმომადგენელი არ არის, საქართველოს და რუსეთის პირველი პირების შეხვედრის ორგანიზებისთვის მომზადება ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს. „ნინო ბურჯანაძე არის ერთადერთი ძალმოსილი პოლიტიკურ სივრცეში, რომ რუსეთთან დიალოგი აწარმოოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ხელისუფლების პირველმა პირმა უნდა გააკეთოს. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ რუსეთთან დიალოგი შედგეს. განსახილველი თემა, რა თქმა უნდა, საქართველოს ოკუპაცია უნდა იყოს. ძალიან არაადეკვატური განცხადება გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა, როდესაც განაცხადა, რომ ოკუპაციის პირობებში რუსეთთან დიალოგი ვერ შედგება. დიალოგი სწორედაც რომ ოკუპაციის პირობებში უნდა შედგეს. მით უმეტეს, თიბილოვის განცხადების შემდეგ, როდესაც ის აცხადებს, რომ ცხივნალის მოსახლეობა მზად არის რუსეთთან მიერთებისათვის ოკუპირებულ რეგიონში რეფერენდუმი ჩაატაროს. ეს დიალოგი საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.