„ცაავას ქმედების გამო პასუხისმგებლობა მისმა ხელმძღვანელებმა და თბილისის მერმაც გადაინაწილონ“

მერიაში მომხდარი კორუფციული ფაქტების გამო პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ თბილისის მერი დავით ნარმანია გააკრიტიკა.
როგორც ლორთქიფანიძემ საინფორმაციო -ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, კორუფციულ ფაქტებზე პასუხისმგებლობა არა მხოლოდ დანაშაულის ჩამდენი პირების უშუალო ხელმძღვანელებმა და თბილისის მერმა, არამედ „ქართულმა ოცნებამაც“ უნდა აიღოს.
„ჯერ ბოდოკია, შემდეგ ქვირია და შემდეგ ცაავა. ეს უკვე ამ მოკლე პერიოდში მესამე კორუფციული შემთხვევაა. ამ დროს გამოდის დავით ნარმანია და სრულიად არაადეკვატურ განცხადებას აკეთებს. ის აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტების გამეორების შემთხვევაში ასეთი პირების უშუალო უფროსებიც გაინაწილებენ პასუხისმგებლობას. ეს ფაქტბი უკვე განმეორდა და ამაზე არა მარტო მათ უშუალო ხელმძღვანელებს, არამედ მერსაც და მის წარმდგენ „ქართულ ოცნებასაც“ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა“,- განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე მამუკა ცაავა დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, 2015 წლის მარტის დასაწყისში თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე მამუკა ცაავა საქართველოს მოქალაქეს სამსახურის დაწყებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც, უწყების ცნობითვე, ქრთამის სახით მოსთხოვა და ეტაპობრივად გამოართვა 3 000 ევრო. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები