„უნდა გამოიძიონ, პოლიციელი დეპუტატს ინფორმაციას ქრთამის, ან შანტაჟის სანაცვლოდ ხომ არ აწვდიდა“
პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე პოლიციის დახურული ბაზიდან ინფორმაციის გადინების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. როგორც მან საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, აღნიშნული ფაქტი ჯერ გენერალურმა ინსპექციამ უნდა მოიკვლიოს, რის შემდგომაც მასალები პროკურატურას უნდა გადაეგზავნოს.
„ნაციონალური მოძრაობა“ ამ ფაქტმა ისტერიკაში ჩააგდო. აუცილებელია პოლიციის დახურული ბაზიდან ინფორმაციის გადინების ფაქტზე გენერალურმა ინსპექციამ დაუყოვნებლივ დაიწყოს მოკვლევა, შემდგომ კი მასალები გამოძიებისთვის პროკურატურას გადაეგზავნოს. უნდა გამოიძიონ, პოლიციელი დეპუტატს ინფორმაციას ქრთამის, რაიმე ტიპის სხვა გამორჩენის ან შანტაჟის სანაცვლოდ ხომ არ აწვდიდა. თუკი ეს დადასტურდება, ეს უკვე ორგანიზებული დანაშაულია“,- განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრ გივი თარგამაძისთვის ფარული ინფორმაციის მიწოდების გამო სამსახურიდან გაანთავისუფლა.