ჯეიმს აპატურაი – ნატოს არც ერთ წევრ სახელმწიფოს არ უთქვამს, რომ ნატო თავის ვალდებულებებზე უარს ამბობს
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ინფორმაცია ალიანსის გაფართოებასთან დაკავშირებით არც ისე ზუსტია, რადგან ნატოს არც ერთ წევრ სახელმწიფოს არც საჯაროდ, არც დახურულ ფორმატში და არც კერძო საუბარში არ უთქვამს ის, რომ ნატო მის მიერ აღებულ ვალდებულებებზე და ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე უარს ამბობს.
“ფრანსუა ოლანდმა თქვა, რომ ახალი წევრების მიღება დღის წესრიგში არ არის. წელს ნატოს სამიტის ჩატარება დაგეგმილი არ არის. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ არსებითი პაკეტის შესრულებაზე ვართ ფოკუსირებული. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ბუქარესტის გადაწყვეტილება ძალაშია. ნატოს არც ერთ წევრ სახელმწიფოს არც საჯაროდ, არც დახურულ ფორმატში და არც კერძო საუბარში არ უთქვამს, რომ ნატო აღებულ ვალდებულებებზე და ბუქარესტის გადაწყვეტილებაზე უარს ამბობს. ახლა მთავარია არსებითი პაკეტის შესრულება. მომავალ წელს ვარშავაში სამიტია დაგეგმილი. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. რა თქმა უნდა, საფრანგეთის მოსაზრებას ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც ალიანსის 28 წევრი ქვეყნის მოსაზრებას, ანუ არც მეტად და არც ნაკლებად. ასე მუშაობს ნატო. ახლა ჩვენი მიზანი არსებითი პაკეტის შესრულებაა”, – აცხადებს ჯეიმს აპატურაი.