თენგიზ ფხალაძე საქართველო-რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას არ გამორიცხავს

საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე პესკოვის მიერ გაჟღერებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საქართველო-რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლოა შედგეს.
როგორც ფხალაძემ თემის კომენტირებისას აღნიშნა, თუკი იქნება შემოთავაზება, ქართული მხარე მზადაა ეს შემოთავაზება სერიოზულად განიხილოს.
ფხალაძის განცხადებითვე, არანაირი მზადება მსგავსი შეხვედრისთვის დღეს არ მიმდინარეობს, თუმცა როგორც ის აღნიშნავს, საქართველო მტკიცედ დგას იმ პოზიციაზე, რომ ნებისმიერი მწვავე პრობლემა მშვიდობიანი და მოლაპარაკებების გზით უნდა გადაიჭრას.
„საქართველოს სახელმწიფოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ნებისმიერი მწვავე პრობლემა უნდა მოგვარდეს მშვიდობიანი გზით და მოლაპარაკებების გზით. აქედან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ დაუფიქსირებია მზადყოფნა ნებისმიერი მოლაპარაკებებისთვის, თუკი ეს მოლაპარაკება რეალურად ისახავს მიზნად იმ უმწვავესი საკითხების გადაჭრას, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან არსებობს და რომელიც რეალურად აწუხებს ჩვენს საზოგადოებას. დღეისათვის მსგავსი შეხვედრისთვის არანაირი მზადება არ მიმდინარეობს, თუმცა საქართველო მტკიცედ დგას იმ პოზიციაზე, რომ ნებისმიერი მწვავე პრობლემა მშვიდობიანი და მოლაპარაკებების გზით უნდა გადაიჭრას და საქართველო მზად არის ნებისმიერი მწვავე პრობლემაზე სასაუბროდ“, – განაცხადა ფხალაძემ.
მისივე თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, თუ რას ეყრდნობა რუსეთის მხრიდან გაკეთებული ეს განცხადება, თუმცა აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ინფორმაცია ამის შესახებ არც საგარეო უწყებიდან და არც პრემიერის აპარატიდან არ მიუღია. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გუშინ განაცხადა, რომ ქართული და რუსული მხარის დიპლომატები ორივე ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრას არ გამორიცხავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები