საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ტუნისში მომხდარ ტერაქტს გმობს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ტუნისის რესპუბლიკის დედაქალაქ თუნისში განხორციელებულ ტერაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება გმობს ტერორისტულ აქვს და აცხადებს, რომ მხარს უჭერს ტუნისელი ხალხის მისწრაფებას დემოკრატიული ფასეულობებისადმი.
“საქართველო მკაცრად გმობს 2015 წლის 18 მარტს ტუნისის რესპუბლიკის დედაქალაქ თუნისში მდებარე „ბარდოს“ ეროვნულ მუზეუმში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს, რომელსაც სულ მცირე 20 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ათობით დაშავდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებსა და იმ სახელმწიფოთა მთავრობებს, რომელთა მოქალაქეების სიცოცხლეც შეეწირა აღნიშნულ თავდასხმას. საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და გამოვთქვამთ იმედს, რომ აღნიშნულ შემზარავ აქტში დამნაშავეები წარდგებიან მართლმსაჯულების წინაშე. საქართველო მხარს უჭერს ტუნისის რესპუბლიკის მთავრობის მისწრაფებას დემოკრატიული ფასეულებობისადმი და სჯერა, რომ ტუნისელი ხალხი შეძლებს ყველა დაბრკოლების დაძლევას დემოკრატიული და წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე”,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.