ირაკლი ღარიბაშვილი “ნაციონალების” 21 მარტის აქციას გამოეხმაურა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და შეახსენებს, რომ აქციის გამართვა დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელი პროცესია. ამის შესახებ მან 21 მარტს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, აქციის ჩატარების უფლებას ყველამ პატივი უნდა სცეს, მიუხედავად იმისა, ვინ მართავს მას.
“მესმის ყველა ადამიანის აღშფოთება. ისინი წლების განმავლობაში ითმენდნენ ძალადობას, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავუშვათ საქართველოში რაიმე ტიპის აჟიოტაჟი და ხმაური. ჩვენ გვჭირდება დამშვიდება და მინდა, კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდო სიმშვიდისკენ. აქციის ჩატარება ეს არის კანონით გათვალისწინებული უფლება და ნორმალური პროცესი, რომელიც დამახასიათებელი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს აქციის მშვიდობიანად ჩატარება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ ატარებს მას და ამას ჩვენ მაქსიმალურად გავაკეთებთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა 21 მარტს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის მიერ გაკეთებული განცხადება მოიწონა.
რაც შეეხება გომელაურის განცხადებას, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ 21 მარტს დაგეგმილი აქციის ჩასატარებლად სამინისტრო “ნაციონალურ მოძრაობას” კომფორტს შეუქმნის.
შს მინისტრის განცხადებით, 21 მარტს ექსცესებს არ ელოდებიან.